ნინო ლაცაბიძე - საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე უარი თქვეს
ნინო ლაცაბიძე - საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე უარი თქვეს

საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ლაცაბიძის განცხადებით, მათი გუნდის აქტიური მუშაობით რუსთავში გაჩნდა მეტი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების შემოსვლის, ეკონომიკის გაძლიერების, ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი საჭიროებების მიხედვით მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების შედეგად, საკრებულოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილება დააინიციირეს.

„საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „პარტია საქართველოსთვის“ წევრებმა, იცით, რომ რუსთავის საკრებულოში მათ აქვთ უმრავლესობა, რუსთაველებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს იმ სტდენტების განათლებისა და მგზავრობის დაფინანსების საკითხი, რომლებიც დოქტორანტურისა და ბაკალვრიატის საფეხურზე სწავლობენ, რომელთა განათლებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაც, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

საკრებულოზე განსახილველადაც არ გაიტანეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახების ფინანსური დახმარების და 18 წლამდე მოზარდებისთვის საოჯახო პირობების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროგრამებიც. ცვლილება, რომელიც ამ პროგრამებში უნდა შეგვეტანა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სერვისს. არ იმსჯელეს არც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებზე. დაუჯერებელია, მაგრამ მათთვის სტუდენტების დაფინანსებაზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების დახმარებაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი.

იმედს ვიტოვებ, საკრებულო შეცვლის პოზიციას, რადგან ამ ინიციატივების დამტკიცებას ელოდებიან რუსთაველები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.