ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქში 60 მილიონამდე ლარის ინვესტიციას აფერხებს, მოვუწოდებთ მათ, პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დააყენონ
ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქში 60 მილიონამდე ლარის ინვესტიციას აფერხებს, მოვუწოდებთ მათ, პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დააყენონ

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქში 60 მილიონამდე ლარის ინვესტიციას აფერხებს.

როგორც ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიმართავს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია, გამოიყენოს უფლებამოსილება და მოიწვიოს რიგგარეშე ბიურო.

ამასთან, ლაცაბიძემ მოუწოდა რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დააყენონ.

„პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ ტანდემით არის წარმოდგენილი, რუსთავში ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს. იმ დროს, როცა ოპოზიცია გამუდმებით აპელირებს ახალი სამუშაო ადგილების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემებზე, იგივე ოპოზიცია ქალაქში დაახლოებით 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პროცესს აფერხებს. საკითხი, რომელიც რუსთავში მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას და რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია, გაჩერებული აქვს. ამ პროექტების განხორციელების საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონი ლარია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი რომ ქვეყნის განვითარების შეფერხების გზით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაა, ეს მოსახლეობისთვის დიდი ხანია, ცნობილია.

მივმართავთ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია. მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს რეგლამენტით აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მოიწვიოს რიგგარეშე ბიურო. ან გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და დადგეს რუსთაველების, ქალაქის ინტერესების მხარეს, ან მისი ეს პასიური პოზიცია აღიქმება, როგორც ქალაქის ღალატი, რადგან 60 მილიონი ლარის ინვესტიციის გარეშე რუსთავის დატოვებას, სხვა არაფერი არ შეიძლება, ეწოდოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციურ ტანდემს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დააყენონ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.