ნინო კობახიძე - ვერაფრით მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა
ნინო კობახიძე - ვერაფრით მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა

ვერაფრით ვერ მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას როდისმე ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი და ახალი მთავრობის მიმართ ქართული ბიზნესის მოლოდინის საკითხი განიხილეს. მოცემულ ეტაპზე პარლამენტში როგორც პრემიერობის კანდიდატის, ისე მისი კაბინეტის წევრების წარდგენა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. 

„ბიზნესპარტნიორის“ მსვლელობისას გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებში პირველად ცაკლე თავად ჩაიწერა ტრანსპორტის სექტორი და ჩაიწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით აქვს მნიშვნელობა.

კობახიძემ, რომელიც ბიზნესში წასვლამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრიორიტეტულობა მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია. ამიტომ, მისთვის გაუგებარია, ბოლო დროს რატომ გახდა ეს საკითხი საკამათო.

„სულ მიკვირს, რომ ამაზე კითხვა ჩნდება და სამწუხაროა, პასუხს ისე კარგად ვერ სცემენ. 2014 წელს, როცა ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი დაიძრა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი მთავრობაში, ვინც ამ პროექტს კოორდინაციას ვუწევდი და მთავრობის განსაკუთრებული ინტერესი იყო, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. ანაკლიის პროექტის მატიანე ვარ და ვერაფრით მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას როდისმე ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა“, – განმარტა კობახიძემ.