ნინო კობახიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია
ნინო კობახიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია

უნდა ვაღიაროთ, რომ მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ სტრუქტურულ და ცენტრალურ დონეზე უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი და ახალი მთავრობის მიმართ ქართული ბიზნესის მოლოდინის საკითხი განიხილეს. მოცემულ ეტაპზე პარლამენტში როგორც პრემიერობის კანდიდატის, ისე მისი კაბინეტის წევრების წარდგენა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში ბიუროკრატიის შემცირებისა და მისი ეფექტურობის გაზრდის ქმედითი ნაბიჯები ვერ დაინახა. 

„პროგრამიდან ვერ დავინახე, როგორ ხდება ბიუროკრატიის შემცირება, რაც შესამცირებელია არა მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ გავლენის სფეროებიდან გამომდინარეც. ეს საკითხი წერია როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ ვერ ვხედავ ნაბიჯებს, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება კიდევ უფრო ღრმად, რასაც ჰქვია ელექტრონული მთავრობის დანერგვა, ციფრული სერვისების კიდევ მეტად განვითარება“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ნინო კობახიძის თქმით, ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებში ხშირმა ცვლილებებმა ქვეყანა დააზარალა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ სტრუქტურულ და ცენტრალურ დონეზე, უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია. ამიტომ ახლა ისღა დაგვრჩენია, მოტივაციით ვუყუროთ იმ პროცესს, რომ იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.