ნინო კობახიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს
ნინო კობახიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს, ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს წარმატების პერსპექტივა ექნება, – ამის შესახებ ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ჯანდაცვის ბაზარზე ბიზნესის პერსპექტივები განიხილეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემოღება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინიციატივას კლინიკები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ასეთი რეფორმის შედეგად ფინანსურ პრობლემებს ელოდებიან. თუმცა ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა ასეთ ვითარებაში სამედიცინო აქტივების გაფართოება გადაწყვიტა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების 17 ქსელის 100-პროცენტიანი წილი შეიძინა.

კობახიძის განმარტებით, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს განვითარების სრული პერსპექტივა აქვს, რადგან როგორც კვლევები აჩვენებს, სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დახარჯული თანხების მხოლოდ 35 პროცენტს ფარავს, დანარჩენს მოსახლეობა იხდის, რომელიც სამკურნალოდ ხშირად უცხოეთში მიდის. ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი რეგიონებშიც იკვეთება.

„კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის ბიზნესში ძალიან დიდი დანახარჯებს ტოვებს. სამწუხაროდ, თუ განვითარებისთვის საბედნიეროდ, ხარისხი ჯერ კიდევ საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს. სახელმწიფო ჯამურ შემადგენელში მხოლოდ 35 პროცენტს ხარჯავს. როდესაც ბიზნესი ნებისმიერ იდეას უყურებს, ბუნებრივია, ამ სტატისტიკასაც ეყრდნობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად სამ ქალაქზე მოდის ეს დანახარჯები – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. საკუთარი ბიზნესის რეგიონულად სწორად გადანაწილება და დივერსიფიცირება ნიშნავს, რომ ეს სერვისი რეგიონებში ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში ძირითადად გადაუდებელი სერვისების მიწოდება ხდება. ზოგადად სამედიცინო სერვისების 75 პროცენტი თბილისზე მოდის. რეგიონებში დეფიციტია ისეთი სერვისების, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია რომ მიეწოდოს და ადამიანს ყველა ტიპის სერვისზე თბილისში არ უწევდეს მობილიზება. ქვეყნის გარეთ გაცდენილი სამედიცინო დანახარჯებიც საკმაოდ მაღალია.

და როდესაც ვხედავთ, რომ რეგიონებში ელემენტარული მომსახურება შეგვიძლია დავნერგოთ და გავაძლიეროთ, სწორი გადაწყვეტილებაა დღეს ამ ბიზნესი შესვლა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი მოსაზრებით, მოცემულ მომენტში ქართულ სამედიცინო სფეროში საკმაოდ კარგი მაღალტექნოლოგიური აპარატურაა ხელმისაწვდომი, მაშინ როცა მაღალი კვალიფიკაციის ქართველი ექიმები უცხოეთში მუშაობენ. აპარატურის და კადრების ერთმანეთთან დაკავშირების შემთხვევაშიც კერძო ბიზნესი სარგებელს ნახავს. თუმცა, კობახიძის ვარაუდით, კერძო ჯანდაცვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმწიფოს როლის მინიმალურ დონეზე დაყვანა იქნებოდა.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო საყოველთაო სადაზღვევო პროგრამიდან ნელ-ნელა უნდა გავიდეს და ძალიან მცირე ნიშა უნდა დაიტოვოს მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების სახით – მაგალითად, როგორიც არის სერვისების ხარჯების სრულად დაფარვა ბავშვების, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის. თუ ჩვენ აქამდე მივალთ და წარმოუდგენელია, რომ ეს არ გაკეთდეს, მაშინ ჩვენი დღეს დაწყებული ბიზნესი ძალიან ეფექტური იქნება“, – განუცხადა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.