ნინო კობახიძე - მთავრობის ახალი შემადგენლობა ეკონომიკის დინამიკის შეჩერებულ რეალობაში მოგვევლინა
ერთი წელი გამოწვევებით აღსავსე იქნება მთავრობის იმ ახალი შემადგენლობისთვის, რომელიც გუნდს ეკონომიკის ერთგვარად შეჩერებული დინამიკის პირობებში მოსვლას დასთანხმდა, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი და ახალი მთავრობის მიმართ ქართული ბიზნესის მოლოდინის საკითხი განიხილეს. მოცემულ ეტაპზე პარლამენტში როგორც პრემიერობის კანდიდატის, ისე მისი კაბინეტის წევრების წარდგენა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა, ფაქტობრივად ერთწლიან გეგმას წარმოადგენს და იგი ყველაზე ახლოს დგას მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ 2012 და 2016 წლების არჩევნებზე წარდგენილ პროგრამებთან, რითაც გუნდმა არჩევნები მოიგო.
„ამ პროგრამაში ძალიან ბევრი ის პროექტი ამოვიკითხე, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო აქტუალური და ღია. პროგრამაში სწორედ ის წერია, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. პროგრამის მიმართ ჩემი ყველაზე მთავარი მოლოდინი არის ის, თუ რამდენად ეფექტურად აღსრულდება რაც წერია, რადგან მომავალი ერთი წელი მართლაც გამოწვევებით აღსავსე იქნება მთავრობის იმ ახალი შემადგენლობისთვის, რომელიც დასთანხმდა და ცოტა არ იყოს შეჩერებული ეკონომიკური დინამიკის რეალობაში მოგვევლინა გუნდის მდგომარეობიდან გამომყვანად. დინამიკა ეკონომიკაში შეჩერებული იყო – ეს უნდა ვაღიაროთ. თუ გადავხედავთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი პროექტი გაჩერდა და განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა“, – განმარტა კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სწორად არის შედგენილი, გათვალისწინებულია ყველა ის ძირითადი პუნქტი, რაც აქამდე პრობლემური იყო და ბიზნეს ასოციაციების ძალისხმევით წამოიწია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაბამისად, ბიზნესს ისღა დარჩენია, მის შესრულებას დააკვირდეს და აკონტროლოს. რაც შეეხება მთავრობას, კობახიძე თვლის, რომ პროგრამის აღსრულებაზე მთავრობის ყველა რგოლი თანაბრად არის პასუხისმგებელი.
„ჩემი აზრით, ბიზნესი პირველ რიგში უნდა დააკვირდეს, როგორ და რამდენად სწრაფად შესრულდება ყველაფერი, რაც აქ წერია. მთავრობის თითოეული წევრის ამოცანაა მოცემული პროგრამის ყველა ნაწილის მართვა და ეფექტური აღსრულება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა ბიზნესომბუდსმენის აპარატის განვითარება და გაძლიერება, ბიუროკრატიის მოშლა და მცირე მეწარმეებთან უფრო აქტიური კომუნიკაცია, ინდუსტრიის დონეზე პრობლემების მოგვარება. არ გამოვაცალკევებდი ვინმეს და არ ვიტყოდი, რომ რომელიმეს მეტი როლი ენიჭება ან ნაკლები. დაწყებული ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დამთავრებული ეკონომიკის სამინისტროთი, დღეს ყველა მობილიზებული უნდა იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მართალია მოცემულ პროგრამაში ციფრები ნაკლებია, მაგრამ ის ბიზნესს მთავრობის კონტროლის მეტ საშუალებას აძლევს, რადგან სხვა პროგრამებთან შედარებით მკაფიოდ არის გაწერილი.
„როგორც ბიზნეს, ამ პროგრამამ საშუალება მომცა უფრო მარტივად ვაკონტროლო. როდესაც პროგრამაში წერია, რომ მთავრობა უნდა გამოვიდეს ეკონომიკის იმ სექტორებიდან, რომლის კეთებაც ბიზნესს შეუძლია, ნელ-ნელა უკან დაიხიოს და საბიუჯეტო თანხები გამოათავისუფლოს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა ბიზნესისთვის მთავრობას ამ პროგრამით ელაპარაკოს, თუ ამ მოცემულობის საპირისპიროდ გადადგმულ ნაბიჯებს დავინახავთ. ყველა იმ ციფრმა, რაც აქამდე იყო წარმოდგენილი, როგორიც გახლდათ ოთხპუნქტიანი გეგმა, ხუთპუნქტიანი გეგმა, განათლებაში ჩადებული ორი მილიარდი თუ ქუთაისში გასაყვანი რკინიგზა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ციფრებმა მთავრობას არ მისცა ის ეკონომიკური ეფექტი, რომლითაც შეიძლებოდა დღეს რომელიმე კონკრეტული პრემიერის ან სამთავრობო გუნდის წარმატება გაგვეზომა“, – განმარტა კობახიძემ.
მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ გახარია, როგორც ყოფილი წარმატებული ბიზნესომბუდსმენი, პრემიერის რანგში კიდევ უფრო ეფექტურად მოაგვარებს ბიზნესის პრობლემებს.
„გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, როდესაც მე ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციაში. თავისი პოზიციიდან და ეკონომიკური ხედვიდან გამომდინარე, ის ბიზნესის აბსოლუტური მხარდამჭერი იყო და ბიზნესის პრობლემებს სწრაფად აგვარებდა, რაც იმედს მაძლევს, რომ მისი როლი უფრო ეფექტურად დავინახო პრემიერ-მინისტრის რანგში, სადაც მეტი უფლებები ექნება“, – განუმარტა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.