ნინო კირთაძის „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ ლაიფციგის კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იქნება ჩართული
ნინო კირთაძის „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ ლაიფციგის კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იქნება ჩართული

ქართველი რეჟისორის, ნინო კირთაძის ბოლო ნამუშევარი „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ (I Invite You to My Execution) ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იქნება ჩართული.

გარდა ფილმის ჩვენებისა, გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით – „რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს“, რომელშიც ქართველი ავტორიც მიიღებს მონაწილეობას.

ნინო კირთაძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში. ავტორია ფილმების: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“, „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“, „მილსადენის მეზობლები“, „დურაკოვო – ბრიყვების სოფელი“ და სხვა. კირთაძე გადაღებულია ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“.

მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002), საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003), ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005).

2005 წლიდან არის ევროპული აკადემიის წევრი.

2019 წლის 16 ივლისიდან ნინო კირთაძე წარმოადგენს საქართველოს „ევრიმაჟში“.