ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა
საფრანგეთის „დიდ პრიზის“ გათამაშებაზე ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე ფინალში 566 ქულით მეორე შედეგით შევიდა, იქ კი მშვენივრად იასპარეზა, 235.2 ქულით ყველას აჯობა და არც ჩემპიონობა დაისაკუთრა.
ამ ტურნირზე ჩვენი შვიდი მსროლელი გამოდის და ყველაზე წარმატებული სწორედ გოგოების შეჯიბრება გამოდგა, სადაც ჩვენი სამივე მონაწილე ფინალში გავიდა. მათ შორის – დებიუტანტი მარიამ ქობულაშვილიც, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლიზი კილაძე სულაც საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გახდა. თანაც, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა – 578 ქულა (დააგროვა და გვარიანად ჩამოიტოვა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემიონი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი ხუციბერიძე, ქობულაშვილი კი 555-ით მეექვსე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ კილაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მეექვსე .სერიაში უდანაკარგოდ ისროლა და 100 ქულა დააგროვა, მანამდე კი 97, 95, 96, 94 და 96 ქულა ჰქონდა. ხუციბერიძემ ცალკეულ სერიებში 96, 95, 95, 93, 93 და 94 ქულა დააგროვა, ქობულაშვილმა – 93, 92, 92, 93, 92 და 93.
როგორც გითხარით, ფინალში ხუციბერიძე მშვენივრად გაისარჯა და 235.2 ქულით გაიმარჯვა. ქობულაშვილმა 149.0-ით მეექვსე ადგილზე დაასრულა გამოსვლა, კილაძე კი პირველივე სერიიდან გამოეთიშა შეჯიბრებას და 109.8-ით მერვე ადგილზე დარჩა.
ბიჭებში კარგად გამოვიდა ჩვენი ერთადერთი მონაწილე აკაკი მოსულიშვილი, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით და ასევე საყურადღებო შედეგით – 572 ქულით დაასრულა, ფინალში კი საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა და სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე. შესარჩევ ეტაპზე ცალკეულ სერიებში აღსანიშნავია მისი 99 ქულა მეოთხე სერიაში, თუმცა ურიგოდ არც სხვებში გამოსულა:96, 94, 92, 96 და 95 ქულა.