ნინო ჯავახაძე - სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო და ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა
სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო, მიმდინარეობს და მის მიერ არ დასრულებულა, შესაბამისად, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუ სახალხო დამცველს რაიმე კითხვა აქვს, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.
„ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელთაც პროცესის მონაწილეებზე რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს. ეს იქნებოდა ფინანსური გავლენები თუ სხვაგვარი გავლენები. ყველაფერს შევისწავლით. თუ დამნაშავეები გამოვლინდება, იქნებიან დასჯილნი. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ახალი, გარკვეული გარემოებები, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თუ ასეთი პირები გამოვლინდება, ამას რეაგირება მოჰყვება. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ბევრი პირის დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია. თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას მთხოვთ, სააპელაციო სასამართლო დაადგენს, ვინ იყო მკვლელი, როგორ იყო ეს საქმე. ჩვენ ამჟამად გამოძიებას იმ პირებზე ვაწარმოებთ, რომელთაც შესაძლოა, პროცესის მონაწილეებზე გავლენა მოეხდინათ. ამ საქმეს თავიდანვე აქტიურად ვიძიებდით მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, არ თანამშრომლობდნენ და ა.შ. შესაბამისი გამოძიება განვახორციელეთ და ახლა ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. გამოძიების ფარგლებში ვინც საჭირო იქნება, ყველა დაიკითხება“, – დასძინა ჯავახაძემ.