ნინო ჯავახაძე - პოლიცია აქციაზე სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ყველას ეძლევა აზრის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 
ნინო ჯავახაძე - პოლიცია აქციაზე სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ყველას ეძლევა აზრის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია ყველაფერს აკეთებს  უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„მთელი დღის  განმავლობაში შსს და პოლიცია ყველაფერს აკეთებს,  რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ქალაქში, უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. მათ შორის, ამას ადასტურებს აქ შეკრებილი ხალხიც, არამარტო აქტივისტები, მოქალაქეებიც, რომელებიც მხარს უჭერენ აქციას“, – განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, პოლიცია სრულად აკონტროლებს ვითარებას, კანონდამრღვევი პირები კი, დაკავებული არიან.

„სიტუაციას აკონტროლებს პოლიცია და ვინც კანონს არღვევს, ასეთი პირები არიან დაკავებული და გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 30 პირი. ყველა დანარჩენს, ვინც მშვიდობიანად ცდილობს აზრის გამოხატვას, ამის შესაძლებლობა ეძლევათ.

აბსოლუტურად აკონტროლებს პოლიცია სიტუაციას, ამიტომაც არის ამდენი სამართალდამცველი მობილიზებული, რომ საშუალება მიეცეს აქ შეკრებილ ხალხს მშვიდობიან გარემოში, პოლიციასთან ბალანსის დაცვით უზრუნველყონ საკუთარი აზრის გამოხატვა. შესაბამისად აქცია ჩატარდება, როგორც ამ ადამიანებს სურთ და შემდეგ მშვიდობიანად მოხდება მათი გაყვანა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.