ნინო ჯავახაძე - ჩვენი მიზანია პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს ვნერგავთ
ნინო ჯავახაძე - ჩვენი მიზანია პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს ვნერგავთ

ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

ბრიფინგზე ნინო ჯავახაძემ 2017 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა, რომელიც შსს-მ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.

ნინო ჯავახაძის თქმის,  არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააძრებით არის შესაძლებელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში არის ღია და გამჭვირვალე.  ეს არის სტატისტიკური მონაცემების მხრივ არსებული რეალობა. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე კრიმინალთან ბრძოლას, მინისტრის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყება ირჩებს სისტემური რეფორმირების გზას.

მისი თქმით, რეფორმირების ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

„დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება რეფორმირებას კრიმინალურ პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციასა და პატრულში, სადაც დაიწყო რეფორმირების ახალი ეტაპი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს. აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის მაჩვენებელი 5,4%-ით გაიზარდა.