ნინო ჯავახაძე - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გამოძიება გვერდით უდგას, რათა საკმარისი საფუძველი შეიქმნას დამნაშავეების დასასჯელად
ნინო ჯავახაძე - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გამოძიება გვერდით უდგას, რათა საკმარისი საფუძველი შეიქმნას დამნაშავეების დასასჯელად

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გამოძიება ყველანაირად გვერდით უდგას, რათა საკმარისი საფუძველი შეიქმნას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა.

„გამოძიება ყველაფერს აკეთებს. თავდაპირველად გამოძიება მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იყო დაწყებული. გუშინ საქმეს წამების მუხლი დაემატა. გამოძიება ოჯახს ყველანაირად გვერდში უდგას, რათა ყველა საკმარისი საფუძველი შეიქმნას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. გამოძიების ფარგლებში რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის ექსპერტიზები“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომისიური ექსპერტიზის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.

მისივე თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი წარდგენა შესაბამის ვადებში მოხდება.

საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს.

„გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა – ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება – ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დანიშნულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა დაადგინოს.