ნინო ჯანგირაშვილი - გადასახადს არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ, ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს
ნინო ჯანგირაშვილი - გადასახადს არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ, ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს

გადასახადს არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ, ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა, ნინო ჯანგირაშვილმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხზე განაცხადა.

„საიდან იწყებენ ათვლას, რატომ დაიწყო ათვლა მაინცდამაინც პირველი ოქტომბრიდან არა, მაგალითად, 3 ნოემბრიდან, ძალიან სასაცილოა ეს ამბავი. მე ჩემი ათვლის წერტილი მაქვს. როდესაც გავიგე ამ უსამართლობის შესახებ, რომ 55 მილიონი ჰქონდა სამ არხს დაგროვილი, მაშინ ვთქვი, რომ აღარ გადავიხდი გადასახადს. არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ. ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს. ველოდები ხელისუფლების პასუხს, როდის აპირებს, რომ დაგროვილი 55 მილიონის დავალიანება გადაახდევინოს პროსახელისუფლო ტელევიზიებს. არასერიოზულია, რომ თურმე მიმდინარე დავალიანებაც კი არ გადაიხადა „რუსთავი 2“-მა და ამ კომპოტში აღმოჩნდა. მომაწოდონ ინფორმაცია რა ვადით და რა პირობით უკეთებენ რესტრუქტურიზაციას. თუ მეტყვიან, რომ 10 წლით უკეთებენ გრაფიკს, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად პატიობენ ვალს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იქნება, რომ ჩემს მიერ გადახდილი ფული ან დამიბრუნონ, ან რაღაცნაირად აღადგინონ თანასწორობა სხვა ტელევიზიების მიმართ, რეგიონული ტელევიზიებიც შემომიერთდებიან, „ტვ პირველიც“. რადგან ასე გამწვავდა საკითხი, არ გადავიხადე, რომ დამენახა, როგორ მოიქცა სახელმწიფო. დადასტურდა ჩემი ეჭვი, რომ არა, სახელმწიფოს არ აქვს სამართლიანი მიდგომა. მე ვაპირებ, შევხვდე ფინანსთა მინისტრს, ვითხოვ პროცესის საჯაროობას. პროცესი უნდა გახდეს საჯარო, რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. მინდა, აღვადგინო სამართლიანობა“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

დატოვე კომენტარი