ნინო გვენეტაძე - მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს
ნინო გვენეტაძე - მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დღეისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის მთავარი გამოწვევა, რაც სისტემის წინაშე დგას.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი მიღწევისა, სასამართლო სისტემაში კვლავ გამოწვევაა, საქმეთა გაჭიანურება, ადმინისტრირების პრინციპების გაუმჯობესება და იუსტიციის სკოლის რეფორმირება.

“წლიური ანგარიში, რომელიც მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველ წელს მოიცავს, არის საკმაოდ მოცულობითი. ოთხი ძირითადი მიმართულება არის რაც დღენიადაგ, ყველა სარეფორმო ეტაპზე, მართლმსაჯულების ზრუნვის საგანია. ასევე ამ ზრუნვას შემოუერთდა იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს სამოქმედო წესების გაუმჯობესებას, ასევე უკავშირდება ამ საქმეთა ჭარბი ნაკადის მართვის ადმინისტრირების პრინციპების დახვეწას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას.

„გამოწვევები ბევრია, სასამართლოში გვაქვს ბევრი სამუშაო და ვფიქრობ, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, ასევე საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კითხვაზე, გამოწვევებს შორის არის თუ არა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაც, გვენეტაძე აცხადებს: “დიახ, რასაკვირველია, დამოუკიდებლობა ეს არის პირველი ნაწილი და უმთავრესი- დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა”.