ნინო გვენეტაძე - გავაუმჯობსებთ ხარვეზს, რომელიც მოსამართლეების ​უვადოდ გადანიშვნის შესახებ კანონს გააჩნია 
ნინო გვენეტაძე - გავაუმჯობსებთ ხარვეზს, რომელიც მოსამართლეების ​უვადოდ გადანიშვნის შესახებ კანონს გააჩნია 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, უკვე გააკეთა განცხადება იუსტიციის საბჭოს პოლიტიკასთან და მუშაობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„მე უკვე გავაკეთე განცხადება, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს პოლიტიკას სასამართლოების სისტემის და სტრატეგიიდან გამომდინარე, რაც მიზნად ისახავს, იუსტიციის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობას ამ კუთხით, პროცედურების გამჭვირვალობას და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის გაუმჯობესებას, რომელიც შეეხება სამწლიანი გამოცდილების ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს“, – განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სხვა კომენტარი არ იქნება.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა ხარვეზის გასასწორებლად, რომელიც მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ კანონშია.

„ამ საკითხზე მეტი კომენტარი აღარ გაკეთდება. ჩვენ ვიმუშავებთ იმ ფორმატში, რომელიც გამოვაცხადეთ რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. ეს არის იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტისა და იუსტიციის საბჭოს ერთობლივი ფორმატი, სადაც დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას და გავაუმჯობესებთ იმ ხარვეზს, რომელიც გააჩნია უვადო გადანიშვნის შესახებ კანონს“, – განაცხადა მან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა. საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა. 22 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის მმართველ გუნდშიც, მათ შორის მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.