ნინო გორდელაძე - მთავარია, იაკობ გოგებაშვილის სახელით წერა-კითხვის სწავლების პროცესის ძიება არ შევაფერხოთ
ნინო გორდელაძე - მთავარია, იაკობ გოგებაშვილის სახელით წერა-კითხვის სწავლების პროცესის ძიება არ შევაფერხოთ

მთავარია, იაკობ გოგებაშვილის სახელით წერა-კითხვის სწავლების პროცესის ძიება არ შევაფერხოთ, – ამის შესახებ სპეციალისტმა, სახელმძღვანელოს „დედა ენის კვალზე“ თანაავტორმა, ნინო გორდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იაკობ გოგებაშვილის მიმართ ყოველგვარი ყურადღება ძალიან მისასალმებელია. შესანიშნავი საქმეა მისი წიგნის 34-ე გამოცემა, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ყველას დიდი სურვილი გვაქვს, ძალიან კარგი იყოს; ღირსი იმისა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ეწეროს. ეს ჩვენთვის მართლაც განძია, მაგრამ მთავარია, იაკობ გოგებაშვილის სახელით წერა-კითხვის სწავლების პროცესის ძიება არ შევაფერხოთ“, – განაცხადა გორდელაძემ.

მისი თქმით, აქამდე გამოცემული სახელმძღვანელოები „დედა ენასთან“ იყო იდენტიფიცირებული და ამით ძალიან ბევრი წარჩინებული სკოლა სწავლობს.

„იმიტომ, რომ იყო იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, „დედა ენის“ კვალზე, მთელი საკვანძო მასალა, პირწმინდად დაცული მეთოდი და პრინციპები, სწორედ ბავშვი რომ არის მისთვის მთავარი, მაგრამ გოგებაშვილის წიგნმა დღევანდელ ბავშვთან რომ იცოცხლოს, იქ საჭირო იყო მაგალითად, ლექსიკაში გადანაცვლება. როცა ბავშვი კითხვას სწავლობს, აჯობებს, ირემი წაიკითხოს. ურემი გადავიტანოთ დამატებით საკითხავში. აი, ასეა გადანაწილებული. პატარაობიდან, ფაჩუჩი უფრო ნაცნობია მისთვის და კითხვის მოქნილობის შემდეგ წავაკითხოთ ფუჩეჩი. ორგვერდიანი კრიტერიუმები მაქვს, როგორ მივუდექით ჩვენ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში გაცოცხლებულიყო. ამ წიგნით ძალიან ბევრი კერძო სკოლა სწავლობს, წარჩინებული სკოლები“, – განაცხადა გორდელაძემ.

როგორც გორდელაძემ აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილის მეთოდი სკოლებში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ განათლების სამინისტრომ 2018 წელს შეცდომა დაუშვა.

„კრიტერიუმები კარგად ვერ განსაზღვრა, ფასის კრიტერიუმებს მიანიჭა ზედმეტი წონა, ქვედა ზღვარი არ დაადგინა და როდესაც უამრავ სკოლას ჰქონდა არჩეული „დედა ენის კვალზე“, სახელმწიფო შესყიდვაში მინიმალური ფასით შემოსულმა ერთ-ერთმა სახელმძღვანელომ დაიკავა ადგილი; იგნორირებულ იქნა სკოლების არჩევანი და ასე დაიკარგა იაკობ გოგებაშვილის მეთოდი. ამდენად, მართლაც დასაბრუნებლად გაუხდა საქმე საჯარო სკოლებში“, – განაცხადა ნინო გორდელაძემ.