ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე, უკრაინაში კონფლიქტი ისევ მიმდინარეობს, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება
ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე, უკრაინაში კონფლიქტი ისევ მიმდინარეობს, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე, უკრაინაში კონფლიქტი ისევ მიმდინარეობს, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.

„მჯერა, ის, რაც ხდის ევროპის საბჭოს ძლიერს და ეფექტურ ინსტიტუტს, რაც რეალურად გახდის ამ ადგილს უფრო ძლიერს და უფრო მეტად ეფექტურ ინსტიტუტს, არის მისი ერთგულება ფუნდამენტური პრინციპებისადმი. 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრა, მოახდინა ყირიმის ანექსია და დაარღვია ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპები, საპარლამენტო ასამბლეამ გადადგა ძალიან ძლიერი ნაბიჯი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაუწესა სანქციები რუსულ დელეგაციას. ეს იყო ძლიერი გზავნილი აგრესორი ქვეყნისთვის, რომ ევროპა არასდროს მიიღებს აგრესიასა და ოკუპაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ საპარლამენტო ასამბლეის სასანქციო სისტემის შეცვლის შესაძლებლობას, რომ მივცეთ მათ უკან დაბრუნების საშუალება“, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპელ დეპუტატებს კითხვით მიმართა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ ასამბლეამ სანქციები დაუწესა რუსულ დელეგაციას მათი აგრესიის გამო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის დელეგაციის უპირობო დაბრუნებაზე, უკრაინაში კონფლიქტი ისევ მიმდინარეობს, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ათასობით ქართველი და უკრაინელი ადამიანი ამ დრომდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ეს მოვლენები არ ვითარდება შორს თქვენი სახლებიდან და ქალაქებიდან. ეს ყველაფერი ხდება ევროპაში. რამდენ ევროპულ ქვეყანას უნდა შეეხოს რუსეთის აგრესია, რომ ეს კონფლიქტები ჩავთვალოთ ძლიერ საფრთხედ ყველა ევროპული ქვეყნისთვის? აქ მინდა, დავადასტურო, რომ საქართველოს აქვს ურყევი და ძლიერი პოზიცია რუსეთის უპირობო დაბრუნების საკითხზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის სტანდარტების დაწევა. და ბოლოს, რაც დღეს გვჭირდება, არის ძლიერი საპარლამენტო ასამბლეა, ძლიერი ძალებით, რომლებსაც ექნებათ კრიზისთან გამკლავების უნარები, რომ უპასუხონ მათ ეფექტურად“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციას სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. რუსეთის შესაძლო დაბრუნების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე საათში დაიწყება. მანამდე საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.