ნინო გოგუაძე - როდესაც „ქართული ოცნება“ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აბარებს სასამართლოს, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძეს წარადგენს კანდიდატად, ყველაფერი ნათქვამია
ნინო გოგუაძე - როდესაც „ქართული ოცნება“ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აბარებს სასამართლოს, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძეს წარადგენს კანდიდატად, ყველაფერი ნათქვამია

როდესაც „ქართული ოცნება“ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აბარებს სასამართლოს, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძეს წარადგენს კანდიდატად, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა იმ მიზეზებზე საუბრისას, რამ მიიყვანა „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანების გადაწყვეტილებამდე.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაიძლიოს ქვეყანაში დამკვიდრებული კონიუნქტურა და მტრობა.

„უნდა ვისწავლოთ ცივილიზებული ურთიერთობები და შეთანხმებები. საქართველოს მომავალი არის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაში. ამომრჩეველს ვეტყვით, რომ მას ეყოლება ყველაზე კვალიფიციური და წესიერი ადამიანი, რომლის მთავარი ღირსება არის მისი ბიოგრაფია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი შეფასებით, არ შეიძლება, საქართველო იყოს მტრის ბანაკად დაყოფილი და დაპირისპირებული მოქალაქეებისგან შემდგარი ტერიტორია.

„ევროპულ საქართველოსთან“ დიახ, სხვადასხვა პოლიტიკური წარსული გვაქვს, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიყავით, მაგრამ ახლა უნდა ვიყუროთ წინ. საერთო მიზანი გვაქვს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.