ნინო გოგუაძე - ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოში ყველა საჭირო დოკუმენტი და მტკიცებულება წარადგინა
ნინო გოგუაძე - ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოში ყველა საჭირო დოკუმენტი და მტკიცებულება წარადგინა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის შეფასებით, საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, აგვისტოს ომის თემაზე დავასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო დოკუმენტი და მტკიცებულება წარადგინა.

დეპუტატი ელოდება, რომ სასამართლოზე აღნიშნული მტკიცებულებები სწორად და ადეკვატურად შეფასდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართულმა მხარემ წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი და მტკიცებულება, იმ ფაქტების შესახებ, კონვენციის რა მუხლები იქნა დარღვეული რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ეს მტკიცებულებები სწორად და ადეკვატურად შეფასდება და არ მაქვს მოლოდინი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება დადგება  გარდა იმისა, რომ დადგენილ იქნას კონკრეტული დარღვევები რუსეთის სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ხვალ ბოლო ღია განხილვა გაიმართება.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.