ნინო გოგუაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის მიზანი იყო დაძაბულობის ფონის შექმნა, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თინა ბოკუჩავას ინციდენტიც საარჩევნო უბანზე
ნინო გოგუაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის მიზანი იყო დაძაბულობის ფონის შექმნა, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თინა ბოკუჩავას ინციდენტიც საარჩევნო უბანზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე უსაფუძვლო საჩივრების დაწერით ცდილობდა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა.

როგორც ნინო გოგუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უსმენდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია მიმართული იყო, რომ შეექმნა პროვოკაციები.

„პირადად ვაკვირდებოდი არჩევნებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ვაკვირდებოდი როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს. როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხვდებოდა ამომრჩეველს მშვიდ, წყნარ გარემოში, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ შეექმნა პროვოკაციები, დაძაბულობის ფონი, მოეხდინა ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და უსაფუძვლო საჩივრები ეწერა. მეტს არაფერს აკეთებდნენ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ქალბატონი თინა ბოკუჩავას ინციდენტიც საარჩევნო უბანზე სწორედ ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო. ის სრულიად უკანონოდ უბნის კომისიას სთხოვდა, რომ უბანზე დარჩენის უფლება მოეპოვებინა. ძალიან არასასიამოვნო იყო ის სცენა, როდესაც ის გამოიყვანეს უბნიდან, მაგრამ ეს იყო მოთხოვნა და მისი უკანონო მოთხოვნის პასუხი. დაწერეთ საჩივარი ამაზე? არ დაგიწერიათ, რადგან უკანონოდ ითხოვდით უბანზე დარჩენას და ასევე კანონიერად გამოგაძევეს საარჩევნო უბნიდან“, – მიმართა ნინო გოგუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბან-უბან დადიოდნენ და აწყობდნენ პროვოკაციებს

„ქალბატონო თინა, როდესაც ტყუილს ამბობთ, სიმართლესაც გაუსწორეთ თვალები. საარჩევნო დღის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი იყო, თითქოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამაგიდო სია და ამით მუშაობდნენ უბნებზე, ერთი საჩივარი დაწერეთ სიებზე? – არა, რადგან არ ყოფილა ასეთი სია და შემდეგ ხდებოდა ადმინისტრაციისკენ ხელის გაშვერა. ეს იყო ამის ერთადერთი მიზანი. რაც შეეხება სიების გამოყენებას, ეს არაერთხელ იყო განსჯის თემა და ნამდვილად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამომრჩეველთა სიებით და მხარდამჭერთა სიებით ტარდება არჩევნები. არჩევნები არის შეჯიბრი და ვინც მეტი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, ის იგებს არჩევნებს. ახლა თქვენ შეიძლება უკმაყოფილო ხართ, რომ ვერ შეძელით მეტი მხარდამჭერის მობილიზება არ გაყავთ და ამ შემთხვევაში გაჯობათ მმართველმა პარტიამ“, – განაცხადა გოგუაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას 19 მაისს ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, მას განუმარტეს, რომ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, თუმცა მას ეს უფლება აქვს, რადგან პარლამენტის წევრია. მისი თქმით,  საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დეპუტატი აცხადებდა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა და საარჩევნო უბანზე მართვის მოწმობით იმყოფებოდა.