ნინო გოგუაძე - მოსამართლეების სიას იმ ფორმით, როგორც პარლამენტში შემოვიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს
ნინო გოგუაძე - მოსამართლეების სიას იმ ფორმით, როგორც პარლამენტში შემოვიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს

მოსამართლეების სიას იმ ფორმით და იმ შემადგენლობით, რომელიც პარლამენტში შევიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია, მათ შორის ჩემიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნინო გუგაძემ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ირჩევიან უვადოდ უზენაეს სასამართლოში აუცილებელია, რომ მათ მიმართ საზოგადოების სანდოობა იყოს მაღალი და მათი კომპეტენცია იყოს სათანადო.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორი პროცედურებით შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ვინ იქნებიან ისინი და რა კრიტერიუმებით მოხვდებიან სიაში.

„მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ სარგებლობენ, არ იქნებიან მხარდაჭერილი პირადად ჩემი და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგის მხრიდან. ეს პროცესი შეიძლება იყოს რთულიც, წინააღმდეგობრივიც, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო პროცესი და ყველა მზად არის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის. საჭიროა გამჭვირვალე პროცესი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც იუსტიციის საბჭო აირჩევს ამ მოსამართლეებს. კრიტერიუმის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანი შეაფასო. ეს არ ნიშნავს, რომ კრიტერიუმი აბსოლუტურად დაიცავს სიაში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომლებთანაც ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდეს. ეს არის პროცესი, შეუძლებელია სხვაგვარად ამ პროცესის წარმართვა. დღეს პარლამენტს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ის მოსამართლეები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იყვნენ განსაკუთრებული კომპეტენციის და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე“, – განაცხადა გოგუაძემ.