ნინო გოგუაძე - მნიშვნელოვანია, რომ პროცესის განსამუხტად პირველი ნაბიჯები გადაიდგა
ნინო გოგუაძე - მნიშვნელოვანია, რომ პროცესის განსამუხტად პირველი ნაბიჯები გადაიდგა

მნიშვნელოვანია, რომ პროცესის განსამუხტად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.

„პირველი შეხვედრა შედგა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ის იყო, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ პროცესებზე შფოთავენ და განიცდიან, ასევე იმ არეალში, ირგვლივ ცხოვრობენ, თავი იგრძნონ მშვიდად და კარგად. მოლაპარაკებების მონაწილეები ამ საკითხზე შეთანხმდნენ. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებული იყო, რომ ულტიმატუმის ენით პროცესში მონაწილეობას ვერ და არ მივიღებთ. პასუხიც იყო, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არავის ინტერესებში არ შედის. იმედი გვაქვს, პროცესის განსამუხტად მოლაპარაკებების მონაწილეები თავის პასუხისმგებლობას აიღებენ. ბლოკპოსტი ადგილზე რჩება, დღეს ეს განხილვის საგანი არ ყოფილა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით გაგრძელდება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სოფელ ჩორჩანასთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.  როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. შემდეგი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო  თავის ადგილზე რჩება.