ნინო გოგუაძე - მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი დანიშვნიდან მალევე აშშ-ში მაღალი დონის ვიზიტს ახორციელებს
ნინო გოგუაძე - მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი დანიშვნიდან მალევე აშშ-ში მაღალი დონის ვიზიტს ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის დანიშვნიდან მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების მეტ გარანტიებს, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს. სწორედ ეს საკითხებია, რასაც პრემიერი ჩვენს პარტნიორებთან ისაუბრებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს ასეთი ცალსახა და აქტიური მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში გამოხატული მხარდაჭერა, არამედ საკანონმდებლო აქტებით გამყარებული, კონკრეტული ქმედებები, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრა, რომ აშშ ადმინისტრაცია არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.