ნინო გოგუაძე - ირაკლი ალასანიას გეგმებში ჯერ არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება
ნინო გოგუაძე - ირაკლი ალასანიას გეგმებში ჯერ არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება

ირაკლი ალასანიას გეგმებში ჯერ არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„2020 წლის შემდეგ რა იქნება, ვნახოთ; ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც მან 2016 წელს პაუზა აიღო და პოლიტიკიდან გავიდა, თქვა, რომ პაუზა აიღო. მე მასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. 2020 წელს ნამდვილად არ შედის მის გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება და თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამის შესახებ თვითონ ამცნობს“, – განაცხადა გოგუაძემ.

ამ განცხადებით ნინო გოგუაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ირაკლი ალასანია.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როდის და სად გადატყდა ვითარება „თავისუფალ დემოკრატებსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის, რადგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში ოთხი პორტფელი მოიპოვეს, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ დღეს ის ბიძინა ივანიშვილის მწვავე ოპონენტია, მაგრამ აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომლის გარეშეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება ასე უმტკივნეულოდ ვერ მოხერხდებოდა. თუმცა, გოგუაძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გამარჯვება არ ყოფილა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა მასზე გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი კოალიციიდან გასვლის გამო და „თავისუფალ დემოკრატებში“ რატომ ეიმედებოდა ის განსაკუთრებით, როგორც ეს დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან გადიოიდნენ, ბიძინა ივანიშვილს ის აღარ ეიმედებოდა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ის აუცილებლად წავიდოდა ირაკლი ალასანიასთან ერთად.

„უბრალოდ, მე მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი პარტიიდან ყველაზე ახლო ურთიერთობა მქონდა, რადგან მასთან ერთად ვმუშაობდი მის ბიზნეს სახლში. სხვათა შორის, მერეც ვეხმარებოდი ხოლმე, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრი იყო. მათ შორის, რაღაც სიტყვების მომზადებაში ვეხმარებოდი; პარლამენტიდან როცა ჩამოვდიოდი, მე ვიჯექი კანცელარიაში მასთან“, – განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან იყო პიარ ჯგუფი, სადაც ბევრი ადამიანი იყო; მათ შორის, თავად ნინო გოგუაძე, გია ხუხაშვილი, თინათინ ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისინი ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

„მაშინ, ბიძინა ივანიშვილი ითვალისწინებდა ჩვენს აზრს. სხვათა შორის, დღევანდელი ივანიშვილისგან განსხვავებით, ის ასე ერთპიროვნულად არ იღებდა გადაწყვეტილებას, იცოდა მოსმენა და იცოდა ჩაკითხვა. მე ვიცი ის ადამიანები, ვინც მის გარემოცვაში დარჩა და არ მგონია, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, ან მისი მოსაზრებისგან განსხვავებულ მოსაზრებებს სთავაზობდნენ“, – განაცხადა გოგუაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოხდა თუ არა ერთგვარი შეთანხმება ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის, რომ ირაკლი ალასანია პოლიტიკას გასცლოდა, რადგან მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას დაჭერა უნდოდა, მაგრამ ე.წ „კაბელების საქმე“ იმდენად პოლიტიზირებული და აბსურდული იყო, რომ ბრალი ვერ წაუყენა.

გოგუაძემ ასევე განაცხადა, რომ როცა ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილსა და დამოკიდებულებებში გაერკვა, მან ზუსტად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიციას დაშლიდა და ამის შესახებ „რესპუბლიკელებსაც“ უთხრა, რომ ისინი აუცილებლად დარჩებოდნენ კოალიციის მიღმა.