ნინო გოგუაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებიდან მეცნიერების ამოღებას არ ეთანხმება
ნინო გოგუაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებიდან მეცნიერების ამოღებას არ ეთანხმება

დეპუტატი ნინო გოგუაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებიდან მეცნიერების ამოღებას არ ეთანხმება. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ნინო გოგუაძემ სახელწოდებაში ჩანაწერის დატოვების რჩევით მთავრობის საპარლამენტო მდივანს მიმართა.

„სახელწოდებიდან მეცნიერება არის ამოღებული. ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს სიტყვა უნდა იყოს სახელწოდებაში. რატომ არის ასეთი სახით შემოთავაზებული? ვფიქრობ, სჯობს დავტოვოთ“, -განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ საკითხის მეორე მოსმენის დროს განხილვა არ გამორიცხა.

„საბოლოო პოზიციას ახლა ვერ დავაფიქსირებ. სანამ კანონპროექტს წარმოვადგენდით, იყო კონსულტაციები პრემიერ- მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს შორის. შეჯერება მოხდა ამ საკითხზე ისე, როგორც არის წარმოდგენილი. თუმცა ისეთი საკითხია, რომ შესაძლოა,  მეორე მოსმენის დროსაც გაიმართოს კონსულტაციები“,-განაცხადა ნათია მიქელაძემ.