ნინო დოლიძე – სამწუხაროა, რომ რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება, არ ვიცი, რა ულტიმატუმებზეა საუბარი, სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის
ჩვენ, ცხადია, არ გამოვყოფთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის უპირატესობას ან პირიქით არმისვლას. ყველასთან გამოვხატეთ სურვილი თანამშრომლობის და ეს არის ჩვენი პოზიცია მუდმივად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
„ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ხდება რეალური პრობლემებისა და რეალური საქმისგან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა, რადგან ახლა მნიშვნელოვანია სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულება. დრო არ ითმენს და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ზოგადად, მმართველი პარტია უფრო ჩართული ყოფილიყო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა წარმოგვიდგინა. კარგი იქნებოდა, რომ ეს წარემართა ისე, როგორც იყო სწორედ ევროკავშირის რეკომენდაცია – ინკლუზიურად, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, მათ შორის, ყველა იმ ორგანიზაციის ჩართულობით და არა ლიმიტირებულად, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში წარმოადგინონ ყველა ის რეკომენდაცია თუ მოსაზრება, რაც მათ გააჩნიათ. არაერთხელ ვთქვი, რომ „სამართლიანი არჩევნების“ სურვილი იყო, ჩვენი ექსპერტიზა, გამოცდილება და ცოდნა, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სამუშაო ჯგუფში, რომელიც იქნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით და წარმოგვედგინა რეკომენდაციები ყველა არჩევნების შედეგად, რაც გვაქვს და ზოგადად, პროცესი ყოფილიყო ისე, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ევროკავშირის შეფასება იქნებოდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება.
„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სურვილიც და მოთხოვნაც, რომ ხელისუფლებამ და ყველა ჩართულმა მხარემ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი მონაწილეობაც სწორედ ამით იყო განპირობებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება და კიდევ ასეთი დისკუსია არის, ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ არ უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება უშუალოდ „სამართლიან არჩევნებთან“ მიღებულ გადაწყვეტილებას არაერთხელ ვთქვი და ახლაც მგონია, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, რადგან თუ ეს ეხება აქციებში სამოქალაქო ორგანიზაციებში ჩართულობას, ჩვენ ყველანი ვიყავით იქ და ვითხოვდით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს მოვითხოვთ მომავალშიც და მარტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით იქნა ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობთ, რომ ესეც ერთგვარი პრობლემაა, რადგან რეალურად კითხვებს აჩენს მთავრობის რაღაც სურვილთან დაკავშირებით, რამდენად უნდათ სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის გატარება, თუ ასე დისკუსიით უნდათ გააგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების განცხადებაც ვნახეთ გუშინ. ესეც სწორედ ამას ადასტურებს, რომ ისინი არიან სოლიდარული „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიდექით და ერთად ვითხოვდით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე მონაწილეობის სურვილი გააჩნია.
„მე არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ცალკე „სამართლიან არჩევნებთან“ განსაკუთრებით რა მოთხოვნა აქვს არ ვიცი, ვერ ვხვდები მართლა რაზე არის საუბარი. ჩვენ ვიდექით იქ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამას გავაგრძელებთ და მიუხედავად ამისა, სწორედ ამიტომ გვინდა ჩართულობა და მონაწილეობა, რომ თუ კი რამით შეუძლია წაადგეს „სამართლიანი არჩევნების“ გამოცდილება და ცოდნა საარჩევნო რეფორმების გატარების ჯგუფს, აქ მიგვეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი სურვილი და ეს იქნება მომავალშიც და სამართლიანი არჩევნები, ზოგადად, გააგრძელებს, რა თქმა უნდა, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით მუშაობას. ჩვენ ერთად ვიდექით სამოქალაქო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რაც შეეხება მთავრობის ფორმირებაში „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სამართლიან არჩევნებს არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე მონაწილეობით სურვილი გააჩნია.
ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ სურვილი, რომ შევუერთებოდით სამუშაო ჯგუფს. ჩემი აზრით, ესეც ადასტურებს იმას, რომ „ისფედის“ სურვილი ყოველთვის არის ის, რომ თუ სადმე არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას დაეხმაროს, იქნებოდა ეს მმართველი პარტიის სამუშაო ჯგუფი თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ჩვენ ყველგან ვცდილობდით და გვინდოდა მიგვეტანა ჩვენი რეკომენდაციები იმისათვის, რომ საბოლოოდ, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაცია კონსენსუსზე დაფუძნებით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მიეღოთ გადაწვეტილება უკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ, ცხადია, არ გამოვყოფთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის უპირატესობას ან პირიქით არმისვლას. ყველასთან გამოვხატეთ სურვილი თანამშრომლობის და ეს არის ჩვენი პოზიცია მუდმივად. თუ ვინმეს აინტერესებს ამ მიმართულებით რა არის გასაუმჯობესებელი მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ. ეს იყო სურვილი და ეს იყო ჩვენი გამოხატული პოზიცია, თუმცა ეს პასუხი მივიღეთ. რაც შეეხება ჩვენს მომავალ საქმიანობას, „სამართლიან არჩევნებს“ აქვს ძალიან ბევრი რეკომენდაცია, როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ზოგადად, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა როგორ გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვეცდებით კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ რეკომენდაციები და ვინც იქნება დაინტერესებული, მზად ვართ ვესაუბროთ“, – განაცხადა დოლიძემ.