ნინო დანელია - პოლიტიკური იდეების მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი და ჩვენ ეს გამოგვივა
ნინო დანელია - პოლიტიკური იდეების მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი და ჩვენ ეს გამოგვივა

ჩვენი მებრძოლები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ჩვენი მწერლები წერდნენ ქვეყნის თავისუფლებაზე, არავინ არ ამბობდა, რომ რუსეთი არის ჩვენი გზა, ყველა ამბობდა, დაგვეხსენი ჩრდილოეთო, დაგვეხსენი, დასავლეთია ჩვენი გზა და არა ჩრდილოეთი, – ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ განაცხადა.

როგორც ნინო დანელიამ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი დგას პარლამენტთან და უარს ეუბნება რუსეთს.

„კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა ვთქვათ, გავიხსენოთ, სად მიდიან ჩვენი სტუდენტები, როდესაც მათ უნდათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, რუსეთში მიდიან? მიდიან ევროპაში და მიდიან აშშ-ში, რატომ? იმიტომ, რომ იქ არის კარგი განათლება და არა რუსეთში. ვმუშაობ სტუდენტებთან და ვიმუშავე ამერიკაში სტუდენტებთან, არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენი სტუდენტები, პირიქით, მათი გამოცდილება მეტია. მათ ძალიან უნდათ სწავლა, მათ შეუძლიათ, მიიღონ კარგი განათლება და მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ კარგი სამსახური. ქვეყანა ვერ აძლევს მათ ამის საშუალებას. სად მივდივართ ჩვენ, როცა გვიჭირს და გვინდა ჯანმრთელობას მივხედოთ, რუსეთში მივდივართ? არა, თურქეთში მივდივართ და ევროპაში მივდივართ, რატომ? იმიტომ, რომ იქ არის კარგი ჯანდაცვის სისტემა, სადაც მათი მოქალაქეების გარდა სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ, ხარისხიანი სერვისების მიღება. სად ცხოვრობენ მოხუცები კარგად, რუსეთში? არა, ისინი ცხოვრობენ კარგად იმ ქვეყნებში, სადაც უყვართ მათი მოხუცები, სადაც აფასებენ მათი მოხუცების შრომას, სადაც არის ღირსეული პენსია, ევროპაშია ეს და აშშ-ში, რომ გავაერთიანო – დასავლეთშია. რატომ ებრძვის რუსეთი დასავლეთს, იმიტომ, რომ უნდა, ჭაობში ჩაგვტოვოს ჩვენ. მას უნდა სუსტი, გატეხილი, ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ადვილად დაიმორჩილებს. რუსეთი გვსჯის ყველაფრისთვის, როდესაც ჩვენ ვეუბნებით რომ არ გვინდა შენთან ყოფნა“, – განაცხადა ნინო დანელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ქართველ ხალხს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით უნდა დაერიოს.

გვსდია ქუჩებში, გვსდია სადარბაზოებში, სდია ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, როგორც ცხოველებს. ჩვენ არ ვართ ცხოველები, ჩვენ ვართ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეები და ჩვენ აუცილებლად გავიყვანთ ამ ქვეყანას ფონს. ძალას არ გადავამეტებთო, აბა ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით დაგვასახიჩრეს, არ არის ეს ძალის გადამეტება ხალხნო. ღელავს დღეს საქართველო, მარტო რუსთაველზე არ ვღელავთ ჩვენ, ღელავენ ჩვენი თანამემამულეები ეკრანებთან, ღელავენ ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც დღეს აქცია მოაწყვეს ნიუ-იორკში იგივე მოთხოვნით, ისინიც ითხოვენ, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსეთის გავლენებისგან, მადლობა ჩვენო ემიგრანტებო. ღელავენ ჩვენი რეგიონები, სხვადასხვა ქალაქებში გამოდიან ჩვენი მოქალაქეები იგივე მოთხოვნებით, გადადგეს გახარია, დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც გვესროლა. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვყავდეს ხელისუფლება და არა ის ხელისუფლება, რომელმაც ჩამოათრია გავრილოვი და დაგვისვა პარლამენტში, თავზე დაგვასვა, ეს გაგვიბედა. ეს ვეღარ უნდა გაბედოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ამიტომ გვინდა ჩვენ პროპორციული არჩევნები. პოლიტიკური იდეების მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი და ჩვენ ეს გამოგვივა. არც ერთ მომავალ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ უნდა გვიგრიხოს ხელები, ჩვენ უნდა გვისმინოს, საქართველოს თავისუფალ, ამაყ და მშრომელ მოქალაქეებს“, – განაცხადა ნინო დანელიამ.