ნინო ჩხობაძე - რამდენადაც ვიცი, ნენსკრაჰესის მშენებლობა იმ ფაზაზე არ იყო, რომ დატბორვა დაწყებულიყო ან რამე საფრთხე შეექმნა
ნინო ჩხობაძე - რამდენადაც ვიცი, ნენსკრაჰესის მშენებლობა იმ ფაზაზე არ იყო, რომ დატბორვა დაწყებულიყო ან რამე საფრთხე შეექმნა

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძე სოფელ ჭუბერში სტიქიის ორ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.

მისი თქმით, ზუსტი მიზეზების დასადგენად საჭიროა ადგილზე ვითარების ექსპერტების მიერ შეფასება.

ნენსკრას ხეობისთვის მსგავსი ტიპის წყალდიდობა არც ერთ უხუცესს არ ახსოვს, საკმაოდ დიდი წყალი მოვიდა და დიდი პრობლემების წინაშე დავდექით“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, შესაძლოა, მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად, მყინვარის ენა მოწყდა და მდინარის ერთ-ერთ შენაკადში ჩავარდა, რომელიც სათავეს მყინვარიდან იღებს, რასაც დაემთხვა ინტენსიური წვიმა. ყოველივე ამან კი, გამოიწვია დიდი მასის დაგროვება, არა ნენსკრას სათავეში, არამედ მისი ერთ-ერთი შენაკადის სათავეში და ჩამოწვა მეწყერი.

„ვარაუდი, რომ ისევ მოხდება მეწყერის ჩამოწოლა, რეალურია და აუცილებელია, მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ვიცი, რომ სპეციალისტების დიდი ჯგუფია წასული ადგილზე. რამდენად მოახერხებენ შენაკადების ხეობებში შევიდნენ, არ ვიცი. ძალიან რთულად მისადგომია, ამას სპეციალური ვერტმფრენები სჭირდება“, – განაცხადა  ჩხობაძემ.

მისი თქმით, საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მომხდართან ნენსკრაჰესის მშენებლობის კავშირს, ექსპერტი ამბობს, რომ ზოგადად, ნებისმიერ მშენებლობას აქვს რისკი და გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.

„თუმცა, ნენსკრაჰესის მშენებლობა რამდენადაც ვიცი, იმ ფაზაზე არ იყო, რომ იქ დატბორვა დაწყებულიყო ან რამე საფრთხე შეექმნა. პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მიეცა რეკომენდაცია, მათი გეოლოგია შესწავლილი ბოლომდე არ არის. ახლა უკვე მომხდარ სტიქიაზე თავიდან არის მთელი გეოლოგია გასაკეთებელი“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.