ნინო ჩიქოვანი - მექსიკაში ქართული ღვინის შესვლასა და პოპულარიზაციას „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭო შეუწყობს ხელს
ნინო ჩიქოვანი - მექსიკაში ქართული ღვინის შესვლასა და პოპულარიზაციას „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭო შეუწყობს ხელს

მექსიკა ქართული ღვინისთვის აუთვისებელი მრავალმილიონიანი ბაზარია. ამ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლასა და პოპულარიზაციაში ქართულ მხარეს „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭო დაეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის [ე.წ.საქპატენტის] თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პოპულარული მექსიკური ალკოჰოლური სასმელის „ტეკილას“ საქართველოში კოლექტურ ნიშნად რეგისტრაციის საკითხი განიხილეს, რაც „საქპატენტისა“ და „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭოს თანამშრომლობით განხორციელდა. მექსიკური დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

თანამშრომლობის ფარგლებში ქართული მხარე „ტეკილას“ ქართულ ბაზარზე დაცვასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მექსიკური მხარე კი – ქართული ღვინის მექსიკაში ექსპორტსა და პოპულარიზაციას. 

გადაცემის მსვლელობისას ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მექსიკური დელეგაციისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია „საქპატენტში“ დღეს გაიმართა და ეს თანამშრომლობა სამომავლოდ ინტენსიურ სახეს მიიღებს.

როგორც „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგო მორალესმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მისი დელეგაციის წევრებმა უკვე დააგემოვნეს ქართული ღვინო და ძალიან მოეწონათ.

„ჩვენ გავსინჯეთ ქართული ღვინო, როგორც წითელი, ასევე თეთრი და ძალიან მოგვეწონა. ვფიქრობთ, მექსიკაშიც მოეწონებათ“, – განაცხადა მორალესმა.

ჩიქოვანის განმარტებით, „ტეკილას“ მარეგულირებელი საბჭო სახელმწიფო ორგანოა, რომელიც „ტეკილას“ წარმოების სრულ ჯაჭვს აკონტროლებს და მის დაცვაზეა პასუხისმგებელი. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც „ტეკილას“ პირდაპირი რეგისტრაცია განხორციელდა და საბჭო მექსიკური სასმელის დაცვას რეგიონის ქვეყნებში სწორედ საქართველოს მეშვეობით განახორციელებს. თუმცა „ტეკილას“ დაცვა ქართულ-მექსიკური თანაშრომლობის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე მექსიკაში ქართული ღვინის შეტანასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

„ამ ურთიერთობის პირველი ნაწილია ტეკილას ნიშნის დაცვა, მაგრამ მას მეორე მნიშვნელოვანი ნაწილიც აქვს, რაც ჩვენთვის ძირითადი პრიორიტეტია და ეს არის ქართული ღვინის დაცვა უცხოეთში და ასევე მისი პოპულარიზაცია მექსიკაში, სადაც ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი საბჭო იქნება. მათ თავად გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ ქართული ღვინის იმპორტსა და პოპულარიზაციაზე, ასევე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე. მარეგულირებელი საბჭოს გარდა მექსიკის საპატენტო უწყების ხელმძღვანელობაც ჩამოსულია. გვქონდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროში ღვინის სააგენტოსთან და ორმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მექსიკაში ექსპორტის კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს. მექსიკა, ჯერჯერობით, ქართული ღვინისთვის ახალი აუთვისებელი მრავალმილიონიანი ბაზარია“, – განუცხადა ნინო ჩიქოვანმა „ბიზნესპარტნიორს“.