ნინო ცაციაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადება შემჭიდროებულ ვადებში იქნება შესაძლებელი
ნინო ცაციაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადება შემჭიდროებულ ვადებში იქნება შესაძლებელი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 70-მდე ფაქტი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„კონკრეტულად, 17 ფაქტი გახლდათ ღამის ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე, როცა მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა 23 ფაქტი, როდესაც სახეზე გვქონდა სამზე მეტი პირის თავშეყრა“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, შს სამინისტრო პერმანენტულად ახორციელებს მკაცრ მონიტორინგს, რამდენად ხდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება.

„სწორედ ამ პერმანენტული და მკაცრი კონტროლის შედეგი გახლავთ ის, რომ ხდება ნებისმიერი დარღვევის ფაქტის მყისიერად აღმოფხვრა და შესაბამისი ზომების გატარება“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქვეყნის მასშტაბით ზომების კიდევ უფრო გამკაცრება და დიდი ქალაქების მთლიანად ჩაკეტვა, როგორც ეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში მოხდა, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ, როდესაც საუბარია გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე, შეიძლება, ამ მიმართულებით ბევრი სცენარის განხილვა მოხდეს. თუმცა, ამ ყველაფრის წინაპირობა ყოველთვის არის ის გამოწვევები, რომელიც ყოველდღიურად იდენტიფიცირდება.

„რეალურად, არავინ იცის, სახელმწიფო ხვალ რა გამოწვევის წინაშე შეიძლება, დადგეს. თუმცა, წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ ის, რომ საგუშაგოები გავაკეთეთ და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადება ძალიან შემჭიდროებულ ვადებში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ეს სცენარი დღევანდელი მოცემულობით, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით ეს სცენარი არ განიხილება, მაგრამ არავინ იცის, სახელმწიფო ხვალ რა გამოწვევის წინაშე დადგება.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, კრიმინალმა მოიმატა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ამ მიმართულებით ნეგატიური შედეგები მოიტანა.

„რამდენიმეჯერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კრიმინალმა მოიმატა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ამ მიმართულებით ნეგატიური შედეგები მოიტანა. მინდა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ მიმართულებით რამე სახის ცვლილება არ გვაქვს და კრიმინალის მატებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.