ნინო ცაციაშვილი - ოჯახში ძალადობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და შსს-ში მომართვიანობა გაიზარდა
ნინო ცაციაშვილი - ოჯახში ძალადობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და შსს-ში მომართვიანობა გაიზარდა

ოჯახში ძალადობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და მომართვიანობა გაიზარდა, რაც ძალიან პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, უმეტეს შემთხვევაში თავად მსხვერპლი მოგვმართავს, რაც წინა წლებთან შედარებით აბსოლუტურად შეცვლილი მაჩვენებელია. ვფიქრობთ, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი ჩვენი მიმართულებით, რადგან როდესაც მსხვერპლი მოგვმართავს, ის გარკვეულ ნდობას უცხადებს საზოგადოებას, სამართალდამცავ ორგანოებს და ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვთავაზობთ“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, შსს-სთვის პრიორიტეტია მოძალადეების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, თუმცა, მეორეა ის სერვისები, რასაც სახელმწიფო მსხვერპლს სთავაზობს.

„ვგულისხმობ თავშესაფარს და კრიზისულ ცენტრს. როცა ადამიანი ჩვენ მოგვმართავს, ის გრძნობს, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

როგორც ცაციაშვილმა აღნიშნა, უკვე ერთი წელია, შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევა დანაშაული გახდა, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორი და შედეგიანი იყო.

„თუ 2018 წელს შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი ექვსი პროცენტი იყო, 2019 წელს ოთხ პროცენტს არ აღემატება“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში გამოძიება დაუყოვნებლივ იწყება, მაგრამ შსს-ს ამის მიღმაც ძალიან ბევრი ფაქტი აქვს გამოკვეთილი, სადაც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მინიმუმ, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ ფიზიკური ძალადობის დროს ხდება. მარტო 2019 წელს 10 266 ორდერია გამოცემული, სადაც არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობაა, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის ხვედრითი წილიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით აუცილებელია კომპლექსური მიდგომა.

„არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი უწყების თემა იყოს. გამორიცხულია, ეს პრობლემა მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში აღმოიფხვრას. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად ვახორციელებთ საინფორმაციო კამპანიებს განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებთან და ვაწვდით ინფორმაციას, რა შეიძლება, იყოს ძალადობა, რადგან არის ხოლმე შემთხვევები, როცა ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მეუღლემ ხელის ერთი დარტყმა მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობად აღიქვას“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.