ნინო ცაციაშვილი - ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება გლობალური გამოწვევაა, რომელსაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ
ნინო ცაციაშვილი - ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება გლობალური გამოწვევაა, რომელსაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ

ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება არ არის ერთი რომელიმე სექტორის ან უწყების გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა, რომელსაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამი დღის წინ, ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელმა სახალხო დამცველის საშუალებით მოგვმართა 16 წლის გოგონას იძულებითი ქორწინების შესახებ, რაზეც გამოძიება დავიწყეთ. მასწავლებელმა 22 ოქტომბერს მოგვმართა განცხადებით და გამოძიება დავიწყეთ. ამ გოგონას ქორწილი დღეს უნდა ჰქონოდა. დავიწყეთ გამოძიება ქორწინების იძულებით. დღეს, ის თავშესაფარშია. ეს გოგონა 16 წლის არის, ანუ არასრულწლოვანი. ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ასევე სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის. ეს არ არის ერთი რომელიმე სექტორის, ან უწყების გამოწვევა. ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

მისი თქმით, შეიძლება, ეს ძალიან პოზიტიური მესიჯი იყოს ამ გოგონას ყველა თანაკლასელისთვის, რომლებიც შესაძლოა, ხვალ და ზეგ იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდნენ.

როგორც ცაციაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მსხვერპლებს გარდა თავშესაფრისა და არსებობს თუ არა მათ დასახმარებლად სპეციალური პროგრამები, ნინო ციციაშვილმა განაცხადა, რომ იძულებითი ქორწინების შემთხვევაში, პირველადი რეაგირება თავშესაფარში გადამისამართებაა, რადგან არასრულწლოვანისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო შემდეგ, შესაძლებელია მსხვერპლის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა.

„პირველ რიგში, ხდება მისი თავშესაფარში გადამისამართება და სასწრაფო იზოლაცია იმ გარემოსგან, სადაც მასზე ზეწოლა-იძულება ხდება. შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა. შესაძლოა, სოციალური სამსახური ჩაერთოს; შესაძლოა, ფსიქოლოგიური სერვისი დასჭირდეს და ამ მიმართულებით გვაქვს შესაძლებლობა, მსხვერპლს დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.