ნინო ცაციაშვილი - 15 დეკემბერს გავავრცელეთ ინფორმაცია, რაც იმ ეტაპისთვის გვქონდა, შემდგომმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებმა კი სხვა სურათი გამოკვეთა
ნინო ცაციაშვილი - 15 დეკემბერს გავავრცელეთ ინფორმაცია, რაც იმ ეტაპისთვის გვქონდა, შემდგომმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებმა კი სხვა სურათი გამოკვეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო,  მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიების შედეგად, ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

„მინდა, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარება გამოვთქვა. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამომწურავი პასუხი გაეცემა“ ,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ამასთან, ცაციაშვილმა კომენტარი გააკეთა მის თავდაპირველ განცხადებაზე, როცა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

ცაციაშვილის განმარტებით, ბრიფინგზე გაავრცელა ის ინფორმაცია, რაც იმ ეტაპისთვის იყო ცნობილი, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ კი, სურათი შეიცვალა.

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რაც მაშინ მქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული. ჩვეულებრივი მოვლენაა  ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც  გამოძიების შემდეგ შეიძლება, გამოიკვეთოს. იქედან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება.

ამასთან, რაიმე სახის მტკიცებით ფორმატში განცხადება ლოგიკურია, მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი საზოგადოებაში არსებულ სრულად ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ბრიფინგის გამართვისას ნათლად და მკვეთრად განვაცხადეთ, რომ სამინისტრო აბსოლუტურად ღია იყო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე როცა მოგვმართა ინსპექტორმა, ჩანაწერები დაუყონებლივ გადავუგზავნეთ. აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არის უმთავრესი მიზანი. მნიშვნელოვანია, ინტერპრეტირება არასწორად არ მოხდეს საზოგადოებაში და მტკიცებით ფორმაში იმ საკითხების გავრცელება, რაც ბრიფინგზე რეალურად არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ბრიფინგის გამართვისას იმ ინფორმაციის გაჟღერება მოხდა, რაც იმ ეტაპზე გვქონდა. დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქედან გამომდინარე, რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, სხვა სურათის გამოკვეთა“ ,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მისი განცხადების არასწორად ინტერპრეტირება მოხდა.

„უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და ბრიფინგის არასწორი ინტერპრეტირება. შეგიძლიათ, ჩემი ბრიფინგი დეტალურად ნახოთ და იხილავთ, რომ იქ იყო ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, თუმცა განმარტება იყო, რომ გამოძიება მომდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში, ყველა კითხვას პასუხი ინსპექტორის მიერ გაეცემოდა“ ,- აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 წლის მოზარდის საქმეზე  ბრიფინგი 15 დეკემბერს გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც საქმეს იძიებს.