ნინო ბურჯანაძე - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები, ყველანი მათ გვერდით უნდა ვიდგეთ
ნინო ბურჯანაძე - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები, ყველანი მათ გვერდით უნდა ვიდგეთ

ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები და ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ,- ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა.

ბურჯანაძე ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ესაუბრა. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი ოჯახი და თანაგუნდელები ამ ადამიანების მიმართ სოლიდარულები არიან.

„მე, ჩემი ოჯახი, ჩემი თანამებრძოლები, თანაგუნდელები პირველივე დღიდან ამ უბედურებების, ამ ადამიანების მიმართ ვიყავით სოლიდარული, არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. აქაც ვიყავით მაშინ, როდესაც პირველი დიდი აქცია იყო და დღეს მე მოვედი, რადგან გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა აქ რუსთაველზე, პრაქტიკულად, მართლა მოთმინების ფიალა აავსეს.

ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები და ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას და ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ხელისუფლებიდან, რომ ამ ადამიანების უბედურება რაღაც პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ კონიუქტურას მიაწერონ, ეს სხვათა შორის ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, რადგან არ ჩავერთეთ თავიდან ისე აქტიურად ყველანი, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, როგორც ეს საჭირო იყო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ის აცხადებს, „ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ამ ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა მათ უბედურებაში წვლილის შემტანი ადამიანები“.

„ვთვლი, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა გამოირიცხოს, რადგან მოხდა დიდი უბედურება, დიდი უსამართლობა. ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ამ ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა მათ უბედურებაში წვლილის შემტანი ადამიანები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირად უჯდება და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.

მინდა ამ ადამიანებს გვერდში დავუდგე და მათ იცოდნენ, რომ ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც ნამდვილად მის გვერდით ვიქნებით მეც და დარწმუნებული ვარ, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობაც.

აქციაზე ჩემი ხშირად და იშვიათად გამოჩენა არ არის თვითმიზანი. თუ საჭირო იქნება და ამ ადამიანებს დასჭირდებათ ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების თანადგომა, შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ.

ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა და სხვა არაფერი. ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰყოფნოდა, ამისთვის პოლიტიკური კონტექსტი არ მიეცა და სამართლიანობის აღდგენა დაეწყო ამ ორ საქმესთან დაკავშირებით მაინც, დღეს სრულიად სხვა ვითარებაში იქნებოდა თავად ხელისუფლება”,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.