ნინო ბურჯანაძე - ვერანაირ როლს სალომე ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერ შეასრულებს, მან თავად განაცხადა, რომ პოლიტიკაში არ ერევა
ნინო ბურჯანაძე - ვერანაირ როლს სალომე ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერ შეასრულებს, მან თავად განაცხადა, რომ პოლიტიკაში არ ერევა

19 აპრილის ღონისძიებაზე ჩვენი პარტიების აქტივისტები შეიკრიბებიან ლიდერებთან ერთად და იქ იქნება ძალიან ნათლად გამოხატული პარტიების ერთობა 15 მაისისთვის მზადების საკითხში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად მიეძღვნა 15 მაისის ღონისძიებისთვის მზადებას.

„15 მაისს წინ უძღვის 19 აპრილის ღონისძიება, როდესაც ჩვენი პარტიების აქტივისტები შეიკრიბებიან ლიდერებთან ერთად, იქ იქნება ძალიან ნათლად გამოხატული პარტიების ერთობა 15 მაისისათვის მზადების საკითხში. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს რეგიონებში პარტიების გასვლა, ერთობლივი ქმედებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ და ავუხსნათ, რომ მათი აქტიურობა ახლა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დღეს ქვეყანაში ნამდვილად არის დრო, როდესაც ოპოზიცია და ხალხი ყველა თემაზე ერთობლივად უნდა ვმუშაობდეთ, რადგან ხელისუფლებას უბრალოდ სხვა სიტყვები არ ესმის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე – რა როლი უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მოლაპარაკების პროცესში, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან სამწუხაროდ, თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა.

„ვერ გეტყვით, რა როლი უნდა შეასრულო მან. ვისაც უნდა იმას შეხვდეს, მაგრამ ვერანაირ როლს ქალბატონი ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერ შეასრულებს. სამწუხაროდ, თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მგონი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსესია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი, იმით რომ ყველა განაცხადი, რომელიც აქამდე ჰქონდა, იყო ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე რომ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს იდეა, აუცილებლად გახდება მსჯელობის საგანი. რაც შეეხება შეწყალებას, რომელიც ქალბატონი სალომეს პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება დოკუმენტის ხელმოწერის საკითხს, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ
ამ წინადადებებზე, რაც თქვა არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციას თავისი პოზიცია ძალიან ნათლად აქვს გამოკვეთილი.

„გარდა ამისა, როცა ლაპარაკობენ რომ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებულები ვართ, ჟვანიას უშვებენ, თუ ისევ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები და ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის? პირველ რიგში გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ თავიდანვე თქვა, რომ ამ დოკუმენტის სამ პუნქტს ოპოზიცია ეთანხმებოდა.

„დღესაც იმავეს ვამბობთ, რომ სამი პუნქტი, რომელიც ეხება არჩევნების საკითხს, საარჩევნო კოდექსს ეთანხმება, ოღონდ ამაში იგულისხმებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაც. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და რეფერენდუმის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმას, ამას არც მაშინ ეთანხმებოდა ოპოზიცია, არც დღეს ეთანხმება“, – აღნიშნა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა.