ნინო ბურჯანაძე - თუ არჩევნები ჩატარდება და ამ არჩევნებს აზრი ექნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავ
ნინო ბურჯანაძე - თუ არჩევნები ჩატარდება და ამ არჩევნებს აზრი ექნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავ

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება დიდი ფულის, ამერიკის საელჩოსი, ხელისუფლების და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

“საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვინც გაბედავს, აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკოს; ვინც გაბედავს პირდაპირ ჩავიდეს მოსკოვში და პირველივე თუ არა, მეორე ვიზიტზე მაინც რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს და ვინც ქვეყანას იმ გზაზე გაიყვანს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ასი წლისთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, თუ არჩევნები ჩატარდება და ამ არჩევნებს აზრი ექნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი არჩევნები არჩევნები ნამდვილად არ არის. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა და დაიწერა ციფრები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აწყობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, არა უმნიშვნელო, მაგრამ აქაც კონკრეტული ციფრები დაიწერა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გეგმავს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა,რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დაინახავს, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევნები მართლა უნდა.

„ამის გარკვევა შეხვედრების დროს ხდება, თუ რა განწყობები აქვთ ადამიანებს, არიან თუ არა ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად, თუ იმას არიან შეგუებულნი, რომ ქვეყანა ჯიბეში ერთმა მდიდარმა კაცმა ჩაიდოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა მხარდაჭერა აქვს მას მოსახლეობაში რეალურად, „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეუძლია თქვას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ 12%-დან 15%-მდე მხარდაჭერა ჰქონდათ, აჭარაში კი, გაცილებით მეტი, რისი დოკუმენტური მასალაც არსებობს.

მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელმაც იცის, რომ გაერთიანებას რეალური ეფექტი აქვს, მაგრამ მისი წარსული პოზიციებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დისკრედიტირებულია, რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება და ოპოზიციას რაც უფრო ნაკლებად მოუწოდებს, მით უკეთესი იქნება.