ნინო ბურჯანაძემ მთავრობას მოუწოდა, „ომში გამარჯვების 75 წლისთავი ვეტერანებს ღირსეულად მიულოცოს“
ნინო ბურჯანაძემ მთავრობას მოუწოდა, „ომში გამარჯვების 75 წლისთავი ვეტერანებს ღირსეულად მიულოცოს“

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მან ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი  საფლავი ყვავილებით შეამკო და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული მეორე მსოფლიო ომში.

„დღეს ნამდვილად დიდი დღესასწაულია. დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავი. მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს მთელს მსოფლიოში და მათი ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ომის მონაწილე 370 ადამიანი დარჩა, გუშინ ერთი გარდაიცვალა და დარჩა 370. ამ ადამიანებმა თავისი ახალგაზრდობა, თავისი საუკეთესო წლები შეალიეს ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ეს ნამდვილად დიდი დღეა მათთვისაც და ჩვენთვისაც. მინდა, ვუსურვო მთელს მსოფლიოს, რომ ის საშინელება, რაც 75 წლის წინ დასრულდა, არასოდეს მსოფლიოში ხალხს აღარ გადაეტანოს. საქართველომ ამ ომში ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. ყოველი მეხუთე ადამიანი წავიდა საქართველოდან ამ ომში სამ მილიონამდე მოსახლეობიდან. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ძალიან ბევრნი 700 000 კაცი. აქედან 300 000 ათასი არ დაბრუნებულა. თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში და არიან ოჯახები საიდანც ხუთი, ექვსი, შვიდი და ტყიბულის ერთ-ერთი სოფლიდან 11 ადამიანია ფრონტზე წასული. ქედს ვიხრი მათ წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, განვითარებული ერთიანი და ისეთი, როგორიც ჩვენ წინაპრებს უნდოდათ, რომ იყოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ე.წ. უკვდავი პოლკის შეკრების საკითხს, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღის პოლიტიზება არასასურველია. მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, რომ პოლიციამ დაიცვას წესრიგი.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ მთავრობას მოუწოდა, „ომში გამარჯვების 75 წლისთავი ვეტერანებს ღირსეულად მიულოცონ“.

„მინდა, მთავრობას მივმართო და მოვუწოდო, რომ ლაპარაკის ნაცვლად საქმეც გააკეთონ და იმ 370 ადამიანს, რომლებიც ცოცხალი დარჩა, აღუნიშნონ ღირსეულად ეს დღე. მე გადავამოწმე, სამწუხაროდ, მთავრობას არაფერი გაუკეთებია, რომ ამ ადამიანებს დახმარებოდა, საჩუქარი გადაეცა, რაღაცა ფულადი დახმარება, რომელიც ამ ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან სამწუხარო. მე მგონი, ჩვენი ქვეყანა ერთადერთი გამონაკლისი. ჯერ კიდევ არ არის გვიანი. მოვუწოდებ მთავრობას, სერიოზული საჩუქარი მოამზადოს 75 წლისთავთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.