ნინო ბურჯანაძე - სოხუმის დაცემის დღე არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის
სოხუმის დაცემის დღე არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დროა, შერიგების სერიოზული პროცესი დაიწყოს.
„ვფიქრობ, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა უახლოეს ისტორიაში არა მხოლოდ იმ თაობებისთვის, რომლებიც მოვესწარით, არამედ შემდეგი თაობებისთვისაც. ეს ასე დარჩება, უბრალოდ ეს ტკივილი შეიძლება მხოლოდ მაშინ შემსუბუქდეს, როდესაც ყველანი გავერთიანდებით და დავბრუნდებით აფხაზეთში. ის, რისთვისაც იბრძოდნენ ახალგაზრდები, რომ ქვეყანა ერთიანი და მთლიანი ყოფილიყო, ეს შესრულდება. ეს არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის. მინდა, ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი, შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში. ეს არის ჩემი ოცნება. დარწმუნებული ვარ, ეს არის თითოეული თქვენგანის ოცნება, მაგრამ მარტო ოცნება არ კმარა, ამისათვის ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი და მე შევეცდები ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი გავაკეთო, რათა საქართველო გამთლიანდეს და იყოს ისეთი, როგორიც უნდოდათ ჩვენს წინაპრებს და როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.