ნინო ბურჯანაძე - სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა
ნინო ბურჯანაძე - სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი დაგვიანებულს უწოდებს.

მისი თქმით, გონიერი ხელისუფლება მეორე მხარესთან საქმის გართულებამდე უნდა მუშაობდეს დიალოგის რეჟიმში.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება უკიდურესად დაგვიანებულია, მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანას წაადგება, მე კვირიკაშვილს ნამდვილად არ გავაკრიტიკებ“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა.

„ელემენტარული გონიერება მოითხოვს, იქამდე კი არ მიიყვანო საქმე, რომ უკიდურესად გართულდეს და ამ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართო თხოვნით მეორე მხარეს, არამედ იქამდე დაიწყო დიალოგის რეჟიმით მუშაობა, სანამ ჯერ კიდევ მყარი პოზიცია გაქვს. რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა, ეს უბრალოდ სიბრიყვეა. ის, რომ რუსეთთან დალაპარაკება ითვლება პრორუსულობად და რუსეთის აგენტობად საქართველოში, ეს არის ჩვენი ყველას ძალიან დიდი სირცხვილი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.