ნინო ბურჯანაძე - შევეცდები, გავაგრძელო ძალისხმევა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში
ნინო ბურჯანაძე - შევეცდები, გავაგრძელო ძალისხმევა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში

რუსეთის პოლიტიკურ წრეებში იყო სურვილი, რომ ვაჟა გაფრინადაშვილი გათავისუფლებულიყო ორშაბათს, მაგრამ როგორ ჩანს, კულუარებში მოხდა რაღაც, რაც არ ვიცი, მაგრამ შევეცდები, გავარკვიო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებს ძალისხმევას, რათა წვლილი შეიტანოს ვაჟა გაფრინაშვილის გათავისუფლებაში.

„ოჯახს ვესაუბრე და ვიზიარებ მათ წუხილს. თავადაც ვწუხვარ, თუმცა, ძალიან აღმაშფოთებელია ის ლაფის დასხმები, რაც სხვადასხვა მიმართულებით წამოვიდა, მათ შორის ჩემთან მიმართებით, რომ ბურჯანაძემ თქვა. მარტო ბურჯანაძემ კი არ თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის რუსეთი ცდილობს, ძალისხმევა არ დაიშუროს და მალე გათავისუფლდება. მე უსაფუძვლოდ ნამდვილად არ მითქვამს. მზაობა იყო და რუსეთის პოლიტიკურ წრეებში იყო სურვილი, რომ ის გათავისუფლებულიყო ორშაბათს, ჟენევის ფორმატამდე, მაგრამ როგორ ჩანს, კულუარებში მოხდა რაღაც, რაც მე არ ვიცი, მაგრამ შევეცდები, გავარკვიო და გავაგრძელო ჩემი ძალისხმევა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, თუნდაც ერთი საათით ან ერთი დღით ადრე ამ ადამიანის გათავისუფლებაში. ხელისუფლების ტროლებს მოვუწოდებ, სინდისი იქონიონ. ეს საერთოდ არ არის ოპოზიციის საქმე, საერთოდ არ არის ჩემი საქმე, როგორც ოპოზიციონერის ამაში ჩარევა, მაგრამ ეს არის ადამიანური დრამა, ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულება და ჩემსკენ ხელის გამოშვერა, როდესაც ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს და მარტო ჩემდამი პრეტენზიებია გამოხატვა, ხელისუფლების მხრიდან უხერხულია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.