ნინო ბურჯანაძე - შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს
ნინო ბურჯანაძე - შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს

შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში დავით გარეჯის საკითხის დარეგულირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი საქართველო“ პარლამენტში აუცილებლად მოხვდება, თუმცა ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი შეიყვანოს საკანონმდებლო ორგანოში.

„მე სიტყვა თუს არ გამოვიყენებ, ჩვენ ყველა ვარიანტში მოვხდებით პარლამენტში, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი პარლამენტში. დავით გარეჯის თემით მანიპულირება ოპოზიციას არ დაუწყია, თემით მანიპულირება დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა. დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.