ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ბოლომდე არ გამოიყენა შესაძლებლობა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგი დაეწყო
ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ბოლომდე არ გამოიყენა შესაძლებლობა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგი დაეწყო

ყოველთვის მარტივი არ არის იმის ახსნა, რატომ ჩამოვდივარ მოსკოვში, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად მარტო მე არ უნდა ვმუშაობდე, არამედ ჩვენი მთავრობაც აქტიურად უნდა მუშაობდეს, – ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა კოსაჩოვს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის „ურთიერთობების რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის ადეკვატურად აფასებდა სიტუაციას“.

„ჩვენ თანამშრომლობის მრავალი წელი გვაკავშირებს და არ შემეშინდება ვთქვა, მეგობრობის წლებიც, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან რთული პერიოდის მიუხედავად ყოველთვის ვხედავდი, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობის გაუმჯობესება და პრობლემის გადაჭრა სურთ. ბუნებრივია, ისევე როგორ მე, თქვენც იცავდით საკუთარი სახელმწიფო ინტერესებს და ასეც უნდა იყოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ და ჩვენ ვისაუბრეთ, შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესები. ეს კი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთის იქნება სასარგებლო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობების ამ რთულ პერიოდშიც კი თქვენ ყოველთვის ადეკვატურად აფასებდით სიტუაციას და ყოველთვის გამოხატავდით სურვილს, როგორმე გამოსწორებულიყო ეს ურთიერთობები. მიხარია თქვენ რომ აღნიშნეთ, რომ თქვენს პარტიაში და ხელმძღვანელობაში საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების რეალური სურვილი არსებობს. ეს რთულია, რადგან დაგროვდა პრობლემები, რომლების გადაჭრაც უმაღლესი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად მათი გადაჭრა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ხელისუფლება შეიცვალა, სამწუხაროდ მათ ბოლომდე არ გამოიყენეს შესაძლებლობა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგი დაეწყოთ. რა თქმა უნდა, ფორმატი არსებობს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მუშაობს, ეს საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ, აუცილებელია სერიოზული პოლიტიკური საკითხების განსახილველად სერიოზული პოლიტიკური ბაზა შეიქმნას. ყოველთვის მარტივი არ არის იმის ახსნა, რატომ ჩამოვდივარ მოსკოვში, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად მარტო მე არ უნდა ვმუშაობდე, არამედ ჩვენი მთავრობაც აქტიურად უნდა მუშაობდეს ამაზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შირის არსებობს საკმაოდ მტკივნეული თემები. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი საკითხია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი.

„მათ შორის არის ჰუმანიტარული საკითხი. თქვენ იცით, რომ გუშინ შევხვდი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს. ასევე შევხვდი ბატონ კარასინს. მე წამოვაყენე ამ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი, რომელიც იზოლატორში იმყოფება. ვიცი თქვენი ადამიანური ხასიათი და ასეთ რთულ საკითხებთან დაკავშირებით თქვენი გაგება, ამიტომ მინდა, თხოვნით მოგმართოთ, თქვენც ასევე წვლილი შეიტანოთ აღნიშნულ პროცესში, რომელიც, როგორც მივხვდი, რუსეთშიც განხილვადია, რადგან ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ვესაუბრე, გამოხატავენ ადამიანურ გაგებას და თანაგრძნობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ რუსეთმა წვლილი შეიტანოს პროცესის დაჩქარებაში. გულწრფელად გეტყვით, ეს საქართველოში საკმაოდ მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ექიმს, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის წავიდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.