ნინო ბურჯანაძე - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს და პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს
სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლის შეასრულოს.
„ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი უყიდეს, რომელმაც თავისი პრეზიდენტობა დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მეორე ტურის დროს ბანერებზე დავინახეთ სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების ფოტოები. აქ არაფერი გასაოცარი არ არის, თუმცა ახლა სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც ის გაურბის და ხან არქეოლოგიაზე ლაპარაკობს, ხან მუსიკაზე, სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს. მოვუწოდებ, თავისივე განცხადების რეალიზება მოახდინოს, როდესაც თქვა, რომ სურს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში დადებითი როლი შეასრულოს. მას შეუძლია, კონკრეტულად პოლიტპატიმრებთან მიმართებაში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება და ამით შეუწყოს ხელი პრობლემების მოგვარებას, პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას და წინასაარჩევნო გარემოს ყველასთვის კომფორტულ რეჟიმში გადაყვანას. ეს იქნება რეალური საქმე და არა ის, რომ საქართველოს რეალური პრიორიტეტები თურმე არქეოლოგია უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.