ნინო ბურჯანაძე - სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც არის პოლიტიკურად მიკერძოებული
ნინო ბურჯანაძე - სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც არის პოლიტიკურად მიკერძოებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ხელისუფლების მიმართ ანთებული წითელი, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან განმარტა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა რა ნაწილში არის დადებითად შეფასებული.

„ინტერპრეტაციის საშუალებები რომ არ მივცეთ, რაც შეეხება მეოთხე ტალღას, რომელიც დადებითად არის მოხსენიებული, შემიძლია გითხრათ, ეს რას ეხება, საგანგებოდ დავაზუსტე. ეს მეოთხე ტალღა არის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები, რომელიც მიღებული იქნა და ასევე, იუსტიციის სკოლის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ეკა ბესელიას დამსახურებაა და მის მიერ მომზადდა და შემუშავდა აღნიშნული რეფორმა. ამას ეხება და არა მოსამართლეების დანიშვნას ან ზოგადად, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს, რომელზეც საელჩომ ძალიან ნათელი და სრულიად ადეკვატური განცხადება გააკეთა ევროკავშირის საელჩოსთან ერთად, როცა არ მოიწონა კანდიდატები, რომელიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც პოლიტიკურად მიკერძოებულია.

„რა შეეხება თავად განცხადების ტექსტს, როდესაც ლაპარაკი არის, რომ უნდა განმტკიცდეს კანონის უზენაესობა, რომ აუცილებელია ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს და პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროკურატურის მიმართ, ეს მიუთითებს იმაზე, სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც არის პოლიტიკურად მიკერძოებული, რაც უკვე ქვეყნის დემოკრატიულობის კითხვის ნიშანს კი არ სვამს, ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო და პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული, არ შეიძლება, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. ეს არის განგაში. უბრალოდ, თუ გაიგონებს ამას ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება ქუჩაში და პარლამენტთან ვერ ხედავს კრიზისს და ამას როგორ გაიგონებს?  ბატონო ბიძინა, არ არის კარგი განცხადება, ეს არის წითელი ანთებული თქვენი ხელისუფლების მიმართ და დეტონატორის წამზომი ჩართულია, ძალიან არ მინდა, რომ ეს დეტონატორი აფეთქდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.