ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის მუხრუჭის როლს მეც ვასრულებდი, ხშირად რომ სჭირდებოდა, ერთმნიშვნელოვანია
ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის მუხრუჭის როლს მეც ვასრულებდი, ხშირად რომ სჭირდებოდა, ერთმნიშვნელოვანია

ზურაბ ჟვანიამ რევოლუციის შემდეგ ტრაგიკული შეცდომები დაუშვა, რამაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის და მისი საქმეც ცუდად წაიყვანა, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის კითხვაზე, რატომ იყო მაშინდელ საპარლამენტო სიაში ბურჯანაძის კვოტა უფრო მცირე, ვიდრე სააკაშვილის და ჟვანიასი, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს ორივე ლიდერის მხრიდან უსინდისობა იყო.

„ეს იყო სწორედ პარლამენტის დასუსტების მცდელობა. რევოლუციის შემდეგ, როცა შევთანხმდით, რომ სააკაშვილს პრეზიდენტად დავასახელებდით, ჟვანია პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, მე კი – პარლამენტის თავმჯდომარე, შეთანხმებული ვიყავით, რომ საპარლამენტო სია სამად უნდა გაყოფილიყო. იმან, რომ სიის ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებით შეივსო, რაზეც გარკვეულწილად, ჟვანიამაც თვალი დახუჭა, ძალიან ბევრი პრობლემა განაპირობა. სამწუხაროდ, ბატონმა ზურაბმა ამ პოზიციით, პარტიის გაუქმებითა და სააკაშვილისთვის სრული მხარდაჭერით ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის და მისი საქმეც ცუდად წაიყვანა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, 2003 წლის მოვლენების დროს ჟვანია ხშირად მუხრუჭის როლს ასრულებდა.

„ამ ფუნქციას ხანდახან მეც ვასრულებდი, რადგან სააკაშვილს მუხრუჭები არ ჰქონდა და ხშირად რომ სჭირდებოდა, ეს ერთმნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, 2003 წლის რევოლუციურ ტრიუმვირატში იყვნენ თუ არა ისინი თანაბარუფლებიანნი, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სანამ სააკაშვილის პრეზიდენტად დასახელების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, სამივე ლიდერი აბსოლუტურად თანაბარი იყო.

„მეტსაც გეტყვით, ჟვანია და სააკაშვილი ჩემ მიმართ ძალიან დიდი სიფრთხილითა და განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მაშინ მათ ჩემი როლი და ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. ეს მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოვაცხადეთ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნებოდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნინო ბურჯანაძის ფიგურა პარლამენტის თავმჯდომარედ მისაღები არ იყო.

„ის მაშინ ამას ვერ იტყოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად უცნაური და უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ პარლამენტის დასუსტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჟვანიას მხარდაჭერა ვერ მივიღე, პირიქით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე, გამოიყენეს თუ არა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ რევოლუციისთვის ის, როგორც პარლამენტის ამბოხებული თავმჯდომარე, რომელიც ეკრანებზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის არავის გამოუყენებია.

„ის, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს აბსოლუტურად შეგნებულად ვაკეთებდი, მაგრამ ასე ვთქვათ, მიღალატეს. მათ 2003 წელსვე მიღალატეს, რითაც ძალიან ბევრი რამ დაიწყო, მათ შორის – პარლამენტის დასუსტებაც“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.