ნინო ბურჯანაძე - რუსი დიპლომატის გაძევება არ შედის საქართველოს ინტერესებში
ნინო ბურჯანაძე - რუსი დიპლომატის გაძევება არ შედის საქართველოს ინტერესებში

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის გაძევება არ შედის საქართველოს ინტერესებში.

ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ეს გადაწყვეტილება სასაცილოა.

„საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებაზე ლაპარაკობს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში, მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს. რომელ თანმიმდევრობაზე და რომელ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი?“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი განცხადებით, ქვეყანას არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და ძალიან მარტივად შეიძლებოდა, საქართველოს განეცხადებინა, რომ ამ მიზეზით ელჩის გაძევება ვერ მოხდებოდა.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.