ნინო ბურჯანაძე - რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას
ნინო ბურჯანაძე - რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა და წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც მოსკოვში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმითმ, რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან გადაწყვეტილი საკითხებია ავიაფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება.

„ძალიან კარგი და საინტერესო ვიზიტი იყო. ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მსოფლიოს ყველა დედაქალაქში ხედავენ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მწვავე და მძიმე კრიზისი. რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა და წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად გააკეთეს განცხადება, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ამ თემაში, რადგან ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. იყო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილესთან. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება, იგივე ე.წ. ბორდერიზაციის სახით, დაკავებებსა და სამომავლო გეგმებს. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და არა მარტო ჩემი მხრიდან, არამედ ხელისუფლება თუ გაბედავს იმას, რომ ჩავიდეს, ისაუბროს, რადგან თემები, როგორიცაა მაგალითად ავიაფრენების აღდგენა, რუსეთის მხრიდან ნამდვილად გადაწყვეტილია და ჩვენი აქტიურობა და ძალისხმევა სჭირდება ამას.

ასევე პოზიტიურად არის გადაწყვეტილი ვიზების გაუქმების საკითხი, უბრალოდ ამას სჭირდება ხელისუფლების ადეკვატური მოქმედებები. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მარტო კომფორტი, ადექით, აუხსენით ხალხს რისთვის მიდიხართ, რის გაკეთებას აპირებთ, ჩადით ელაპარაკეთ და შეძლებისდაგვარად შედეგიც ჩამოიტანეთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.