ნინო ბურჯანაძე - რამდენად შედეგიანი იქნება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერად ილაპარაკებს ქართული მხარე
ნინო ბურჯანაძე - რამდენად შედეგიანი იქნება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერად ილაპარაკებს ქართული მხარე

ცხრა წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია შეხვედრა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბურჯანაძემ ამ საკითხზე კომენტარი გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან პოლიტიკოსები დილიდან შეიკრიბნენ.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება შეხვედრის საჭიროებას მანამ უნდა მიმხვდარიყო, სანამ უცხოელები ეტყოდნენ.

„სანამ საქართველოს ვითომ დამოუკიდებელ ხელისუფლებას უცხოელებმა არ უთხრეს პირდაპირ, გახსნილად, რომ მოლაპარაკება აუცილებელიაო, მანამ ვერ უნდა მიმხვდარიყო დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება? რამდენი წელი დავკარგეთ. რატომ არავინ ეკითხებოდა არც ხელისუფლება და არც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ ადამიანებს, ქალბატონებს, რომლებიც ახლა გმირთა მემორიალთან დგანან და, რომელთა ოჯახის წევრების გვარებია აქ გამოსახული. თითოეული მათგანი ითხოვს და ითხოვდა მთელი ამ წლების განმავლობაში მოლაპარაკებას, დალაპარაკებას რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან. არ რცხვენია ახლა იმ ხალხს ერთხმად რომ აჭიკჭიკდნენ, თურმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, არ რცხვენია იმ ხალხს ბურჯანაძეს რომ მოღალატეს ეძახდნენ ამის გამო, ვყოფილვარ მართალი? სანამ დანარჩენმა მსოფლიომ არ გითხრათ, რომ გონება გაქვთ დაბინდული და უნდა ელაპარაკო მას, ვისაც შეუძლია შენი პრობლემის მოგვარება და ვისთანაც პრობლემა გაქვსო, მანამ ჩემი ნათქვამი არავინ გაიგონა. ასე აღშფოთებული არ ვილაპარაკებდი ცხრა წელი რომ არ იყოს დაკარგული. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შევედით ჩიხში უტვინო სიჯიუტის გამო, რომელი სიჯიუტის გამოც, არ ველაპარაკებოდით და არ ვმართავდით წინასწარ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერად ისაუბრებს ქართული მხარე.

„მე არ ვიცი რამდენად შედეგიანი იქნება შეხვედრა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ძლიერად ილაპარაკებს ქართული მხარე და ეცდება, რომ დიპლომატიის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოიყენოს, მაგრამ თავისთავად, რადგან გადადგეს ეს ნაბიჯი, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ნუ კარგი, დაგვიანებულია, სამარცხვინოა, რომ ვითომ დამოუკიდებელ ქვეყანას უცხოელების კარნახი გჭირდება. ხალხი, ვინც იძახის,  რუსეთიდან გათავისუფლება დავიწყეთო, თუ თავისუფალი გინდა იყო, რუსეთისგანაც თავისუფალი უნდა იყო, ამერიკისგანაც და ავსტრალიისგანაც“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს, აშშ, ეუთო, ევროკავშირი, „დემოკრატული მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ მხარდაჭერა აუცილებელია.

„რაც შეეხება რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის, ეუთო-ს და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა, აუცილებელია. ვინც აქამდე არ იცოდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ვლაპარაკობდი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, ვიცოდი ამერიკის უმაღლესი ხელისუფლების წლების განმავლობაში პოზიციაც, ევროკავშირისაც, ეუთო-სიც და ასე შემდეგ. საკმაო გამოცდილება და კონტაქტები მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ყველა შეხვედრების დროს ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო. კარგია, რომ შედგა. არ ვიცი, შესაძლოა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ წინასაარჩევნო წელია. არაუშავს, მთავარია,  შედეგი იყოს. დიდი იმედი არ მაქვს, რომ შეძლებს კომპეტენტურად და სერიოზულად მოლაპარაკებების წარმართვას, მაგრამ ვუსურვებ ხელისუფლებას, თუნდაც მინიმალურად მაინც გალღვეს ყინული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი