ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ თუ ნაკლებ ისტერიკას ატეხს და ისე არ იზამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს პრობლემები შეუქმნას, კარგს იზამს
ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ თუ ნაკლებ ისტერიკას ატეხს და ისე არ იზამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს პრობლემები შეუქმნას, კარგს იზამს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ შეხვედრებზე „მიიღო ძალიან ადეკვატური რეაქცია ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით, ასევე, ადამიანური თანადგომაც“.

ბურჯანაძის განმარტებით, სერიოზული პოლიტიკური ძალისხმევა განხორციელდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს.

„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ მივიღე ნამდვილად ძალიან ადეკვატური რეაქცია ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით, ადამიანური თანადგომაც და, ასევე, პოლიტიკური ძალისხმევა იქნება ძალიან სერიოზული, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. ახლა, „ქართული ოცნება“ თუ ნაკლებ ისტერიკას ატეხს და ისე არ იზამს, რომ პრობლემები შეუქმნას ამ და სხვა პოზიტიურ შედეგებს, ძალიან კარგს იზამს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უკვე თავის სახლში იქნება და ეს „ქართული ოცნების“ ტროლების მიერ ატეხილი ამბავი, რომ თურმე მე საათი უნდა დავასახელო, წუთი  და რა ფერის პერანგი ეცმევა ბატონ ვაჟას, როდესაც სახლში მივა, ეს არის უსინდისობა და ტყვეობაში მყოფი ადამიანის და მისი ოჯახის ბოროტად გამოყენება“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.