ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ რურუას წარსული ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში და არ არის პოპულარული მისი დაცვა
ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ რურუას წარსული ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში და არ არის პოპულარული მისი დაცვა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კლიმატის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა გამოირიცხოს.

„თავიდანვე, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, ვამბობდით, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კლიმატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა, მით უმეტეს იმ ადამიანებისა, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებულნი არიან მედიასთან ან პოლიტიკასთან. როდესაც ოთხწლიანი პატიმრობა მიესჯება ადამიანს, რომელსაც ეს კონკრეტული დანაშაული ნამდვილად არ აქვს ჩადენილი, ეს ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს უსამართლო განაჩენის მსხვერპლი. საერთოდ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე რა ჭორები დადის, თუ ადამიანს უსჯიან, მას უნდა მიუსაჯონ კონკრეტულად იმ დანაშაულისთვის, რომელიც მართლა აქვს ჩადენილი და კონკრეტულად მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა გვარს, არამედ საუბარია პრინციპზე, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ იყოს ციხეში, რომ ის ამჟამად პოლიტიკურად მიუღებელია.

„განცხადებაში შემთხვევით არ თქმულა, რომ აქ გვარს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებაზე. ლაპარაკია პრინციპზე, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც კონკრეტულად ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ ჩასვა ციხეში, რომ შენთვის ამ ეტაპზე პოლიტიკურად მიუღებელია. ძალიან საინტერესოა ქალბატონი კელის განცხადებაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყოoს. ეს ნიშნავს, რომ არ სჯერა ამ გადაწყვეტილების სამართლიანობის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ლოგიკური იქნება, პრეზიდენტმა შეწყალების უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენოს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, თითქოსდა არის პრინციპული. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ, სამწუხაროდ, ბატონ რურუას წარსული სამართლიანად, თუ უსამართლოდ კითხვის ნიშნებს ნამდვილდ აჩენს საზოგადოებაში და არ არის პოპულარული რურუას დაცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ აქვს მნიშვნელობა, მე და თქვენ გვაქვს თუ არა კითხვის ნიშნები რურუას წარსულთან დაკავშირებით, თუ ეს კითხვის ნიშნები ხელისუფლებას ჰქონდა, მაშინ იმ საქმეებზე დაეჭირა, გამოეძიებინა და ეთქვა, რომ დამნაშავეა ან უდანაშაულოა. ხელისუფლება რურუას მექანიზმს დროის გასახანგრძლივებლად იყენებს, რომ ოპოზიციას არც თუ პოპულარული განცხადებები გააკეთებინოს და ამაზე ითამაშოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, რომელიც გააკეთებს ანალიზს, რა ხდება, სწორ დასკვნებს გამოიტანს. გრდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, რომ დიდად არ ენაღვლება, დასავლეთი რას იტყვის. ვითომ, ის დამოუკიდებელია და აქვს იმის რესურსი, რომ დასავლეთს შეეწინააღმდეგოს. ეს ძალიან დიდი ტყუილი და ილუზიაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.